“მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის უზრუნველყოფას” - აქცია პროკურატურასთან
“მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის უზრუნველყოფას” - ამ მოთხოვნით მიმდინარეობს ენმ-ს დაპატიმრებული ლიდერის მხარდამჭერი აქცია გენერალურ პროკურატურასთან.
ხაბეიშვილის მხარდამჭერები მოითხოვენ რომ დაუყოვნებლივ გაუქმდეს სუს-ის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერის წინააღმდეგ ამოქმედებული შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც პატიმარს ოჯახის წევრებთან პაემნები და სატელეფონო საუბარიც კი აკრძალული აქვს.
მოქალაქეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით - "ბავშვის საუკეთესო ინტერესი გათელეს", "პატარა ხაბეებს აჩვენეთ მამა" და ა.შ.
ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში განცხადებაც შეიტანეს:
“საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობის ან წინასწარი დაკავების ფაქტი არ წარმოადგენს იმის საფუძველს რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, კომუნიკაცია და შეხვედრა შეეზღუდოს პატიმარს.
საქართველოს კონსტიტუცია, სასჯელაღსრულების კოდექსი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების, მშობელსა და შვილის კავშირის და შეხვედრების უფლებას, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული, ინდივიდუალური და დასაბუთებული საფუძვლით, რაც არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში.
გაუგებარია ბავშვებთან კომუნიკაციის ან შეხვედრის აკრძალვა რას ეფუძნება ან/და რას ისახავს მიზნად. გარდა იმისა რომ ეს შეზღუდვა არის პოლიტიკური აქტი და იარაღი პოლიტიკოსის წინააღმდეგ.
მოვითხოვთ უზრუნველყოთ ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია, მათ შორის: სატელეფონო ზარები; ვიდეოკომუნიკაცია; წერილობითი მიმოწერა. ჩაინიშნოს და განხორციელდეს არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის სახით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახური ცხოვრების უფლებას და კანონმდებლობით გარანტირებულ მინიმალურ სტანდარტებს. ამიტომ
მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას!
წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს." - ნათქვამია განცხადებაში.