"ჩორჩანასთან დაკავშირებით გახარიასთან „ოცნების“ და ცხინვალის რეჟიმებს ერთნაირი პრეტენზიები აქვთ" - სიჭინავა
"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, იგორ კოჩიევის განცხადებას, რომლის თანახამადაც გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი ქართული მხარის აღიარებაა, რომ საგუშაგო იქ არ უნდა იდგეს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
გუშინ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრისას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთის ოსეთის ტერიტორიას, რითაც პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის - კოჩიევის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება - მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს „ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი.
ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაზიანება არცერთ შემთხვევაში არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესში არის ჩართული აგებს ისტორიულ და სამართლებრივ პასუხს ამ ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
"ქართული ოცნების" მიერ, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის საკმარისი მიზეზი გახდა, რომ კიდევ ერთხელ მოეთხოვათ საგუშაგოს აღება.
ერგნეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი ქართული მხარის აღიარებაა, რომ საგუშაგო იქ არ უნდა იდგეს.