"ოცნების" დეპუტატი: ვინ არის მზია ამაღლობელი?
ვინ არის მზია ამაღლობელი? რა ნიშნით უნდოდათ მასთან შესვლა? - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი, გიორგი გაბუნია PACE-ს მომხსენებლების კრიტიკულ გზავნილს, რომლებიც გავრცელებულ განცხადებაში მათ შორის წერენ, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას "ოცნებამ" დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა.
გაბუნია ამბობს, რომ "ის ძალები" მზია ამაღლობელის გმირად წარმოჩენას ცდილობენ.
რატომ უნდოდათ შესვლა მზია ამაღლობელთან და რატომ არ უნდოდათ სხვა მსჯავრდებულებთან შესვლა? რატომ არ უნდოდათ სხვა ნაკლებად ცნობილი მსჯავრდებულების მონახულება? რატომ უნდოდათ, რაში სჭირდებოდათ? ვინ არის მზია ამაღლობელი? ხო აი ვინ არის, რა ნიშნით უნდოდათ? ის ძალები ცდილობენ, რომ მზია ამაღლობელი, რომელმაც სამართალდამცველს სილა გააწნა სახეში და კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, გმირად წარმოადგინონ", - ამბობს გიორგი გაბუნია.
ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებსაც შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ.
"ეს ფაქტობრივად ნიშნავს დიქტატურის დამყარებას საქართველოში" - ზუსტად ამ სიტყვებით აღწერს საქართველოში არსებულ ვითრებას სტრასბურგი.