“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ბრიუსელმა “დიალოგის მაგიდა აუყირავათ“

20.11.25 18:24
“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ბრიუსელმა “დიალოგის მაგიდა აუყირავათ“

ევროპელი პარტნიორების კრიტიკას “ოცნებაში“ ბრალდებებით პასუხობენ. “ოცნების“ დეპუტატი, ლევან მახაშვილი ბრიუსელს საბავშვო ბაღს ადარებს და ამბობს, რომ “ისინი დიალოგის მაგიდას გაურბიან.“

მისი მტკიცებით, “დიალოგის მაგიდის აყირავება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ბრიუსელში დღეს ესკალაციის მომხრე უფრო ბევრია, ვიდრე დიალოგის.“

ბრიუსელისგან რა ნათელი მესიჯიც მივიღეთ არის, რომ ისინი დიალოგის მაგიდას გაურბიან. დიალოგის მაგიდის აყირავება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ როგორც ჩანს, ბრიუსელში დღეს ესკალაციის მომხრე უფრო ბევრია, ვიდრე დიალოგის…

საუბარია წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, რომ თავად საკუთარ ტერიტორიაზე ვინმეს გადაადგილება შეუზღუდონ. მაშინ, როცა ვხედავთ, ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი როგორი დიდი ზარზეიმით უგებს წითელ ხალიჩას კაციჭამიებს და ტერორისტებს, ამის ფონზე ღიმილის მომგვრელია ბრიუსელის ასეთი განმარტება. რასაც ვხედავთ, არის საბავშვო ბაღი - საქართველო ვერ იქნება საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როცა მათი მხრიდან ასეთ საბავშვო ქმედებებს ვხედავთ, - განაცხადა მახაშვილმა.

ტყუილში და შანტაჟში დაადანაშაულა კახა კალაძემ ევროპელი პარტნიორები. მისი თქმით, ბრიუსელის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია იმ ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ხედავს.

იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ძალიან დიდი შემოტევები მიდის საქართველოს წინააღმდეგ, მუქარები. ყველა მათი განცხადება ტყუილით არის გაჯერებული. ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ. შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია. ამ ტიპის ქმედებების ფონზე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ გასაკვირი არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები