სოფო ხორგუანი: მივმართავ თითო-ოროლა შემორჩენილს “ოცნებაში“, ნუ გეშინიათ, სიმართლის მხარეს დადექით! დასვით კითხვები!
ბუტა რობაქიძის საქმე - “გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი, სოფო ხორგუანი “ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს ხმა ამოიღონ, დასვან კითხვები და დადგნენ სიმართლის მხარეს.
ხორგუანის თქმით, როცა “ოცნებამ“ რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ამით კიდევ ერთხელ გამოუცხადა ომი ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რეჟიმს ებრძოდა.
2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს ბუტა რობაქიძე. 2025 წლის 19 ნოემბერს „ოცნებამ“ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გაამართლა ზურაბ ადეიშვილი, „ნაცმოძრაობის“ იმდროინდელი გენერალური პროკურორი! ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო და არის უსამართლო სისტემის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი. სისტემის, სადაც სიმართლე არ არსებობდა და მხოლოდ ერთი პარტიის ძალადობა მძვინვარებდა.
ამით „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ომი გამოგვიცხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვებრძოდით რეჟიმს. ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა! „ოცნებამ“ დასცინა რეჟიმის ყველა მსხვერპლსა და მათ ოჯახებს. ყველას, ვისაც სიმართლის იმედი გვაქვს და სამართლის აღსრულება გვჭირდება!
სწორედ ზურაბ ადეიშვილის შექმნილი ძალადობრივი და უსამართლო სისტემა „ოცნებამ“ გადმოიბარა სრულად, მოირგო და დღესაც იგივე სისტემასა და იგივე ადამიანებს ეყრდნობა! იგივე სისტემა დღესაც ერთი პარტიის სამსახურში!
ამასთან, „ოცნება“ ამუშავებს პროპაგანდას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მუდმივ შიშში ვიცხოვროთ. შიშსა და ტყუილში.
ფაქტია, 2025 ნოემბერში „ოცნება“ ამართლებს ზურაბ ადეიშვილს, რეჟიმის ავტორს! 2025 ნოემბერში ბრალს სდებს გიორგი გახარიას, საქართველოს მიწის დამცველს!
ეს არის „ოცნების“ დღევანდელი სახე, ფლიდი და ფარისეველი სახე!
საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს! იმსახურებენ სამართლიანობას!
მივმართავ თითო ოროლა შემორჩენილს „ოცნებაში“, ვინც იბრძოდით მაშინ, ნუ გეშინიათ, სიმართლის მხარეს დადექით! დასვით კითხვები!,- განაცხადა ხორგუანმა.