ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარებიან
"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული არ არის
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "EPP-ს საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი ტყუილის გავრცელება იმიტომ უნდა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს ქვეყანას.
„ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. ევროკავშირს მოუწია თვითონ ეღიარებინა - ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის. არადა, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, არსებობს იმისი რისკი, რომ ვინმემ კონტრაბანდულად შეეცადოს საქმიანობა. მაგრამ იმდენად აწყობილია კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ გამოვლინდა. როცა უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ ცდილობს ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მსგავსად, კალაძეც ირწმუნება, რომ EPP-ის მიზანი საქართველოსთან მიმართებით არასწორი ინფორმაციის გავცრელებაა.
„მათ (EPP) მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით არის გაჯერებული. არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ თუ დავაკვირდებით მიღებულ რეზოლუციებს, გაკეთებულ განცხადებებს, არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიძულვილი, სიცრუე, მოძალადეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება", - ამბობს კახა კალაძე.
EPP-ის საგანგებო რეზოლუციაზე დღეს კომენტარი გააკეთა "ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამაც:
კუბილიუსების, ფოტიგების, ის რომ არის რაისა კომუნისტაკას პარტია, მორიგი დავალება მიიღეს ეტყობა და თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ორმაგ სტანდარტში. ჩვენ არ გვაქვს სანქციები დაწესებული რუსეთთან ეს ერთი, ამიტომ ვაჭრობა თუ არის, არის ღია და გახსნილი", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, საეჭვოდ ბევრი ფაქტია გამოვლენილი, რომელიც აღრმავებს ეჭვებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
ევროდეპუტატები ევროკავშირისგან "ოცნების" წინააღმდეგ ისეთივე სანქციების ამოქმედებას ითხოვენ, როგორსაც ლუკაშენკოს რეჟიმს რუსეთის დახმარების გამო უწესებენ.