ივანიშვილის დავა მილიონებზე ფინალს უახლოვდება - "ოცნება" აღიარებს, რომ სანქციები აწუხებთ
„ქართული ოცნების“ ოფიციალური რიტორიკა შეიცვალა, როცა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს შეეხო. თუ აქამდე პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა ყურადღება გამახვილებულია იმ ფინანსურ შეზღუდვებზე, რომლებიც ივანიშვილსა და მის ოჯახს დაუწესდა.
სამ დღეში ბრიტანეთის სასამართლო გადაწყვეტს, ეკუთვნის თუ არა ივანიშვილს 706 მილიონი დოლარი. თუმცა, თუნდაც თანხა მის სასარგებლოდ დადგინდეს, არსებული ამერიკული სანქციების გამო მისი მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ თავის განცხადებებში კვლავ დასავლეთის მიმართ კრიტიკულ გზავნილებს აძლიერებს.
შალვა პაპუაშვილი ციტირებს ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის წერილს. წიქვაძემ ბრიტანელი ლორდების მიერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვრცელი განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ სანქციები გამოწვევებს ქმნის არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც. მისი თქმით, შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბეარში“ განთავსებული თანხები ამ ეტაპზე დაყადაღებულია, რადგან სანქცირებული პირის ოჯახის წევრების მიერ თანხაზე წვდომა შეიძლება სანქციების გვერდის ავლასთან იყოს დაკავშირებული.
ივანიშვილის გუნდი და მისი ადვოკატი ფინანსურ შეზღუდვებს საერთაშორისო სტრუქტურების გავლენით ხსნიან. ადვოკატის განმარტებით, ივანიშვილი გლობალური ძალების სამიზნე ჯერ კიდევ 2008 წლიდან გახდა.
ამ ვითარებამ პოლიტიკური და იურიდიული სივრცეებში ახალი კითხვები გააჩინა.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.