კალაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
კახა კალაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ევგენი ბულოიჩიკს შეხვდა - ბელარუსული მხარე თბილისში სამუშაო ვიზიტისა და კახა კალაძესთან და სსპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შეხვედრის შესახებ "ქართულ ოცნებას" განცხადება არ გაუვრცელებია.
„პროდუქტიული დიალოგის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ფეხბურთში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადეს ბელარუსის ფედერაციაში და ისიც გაიხსენეს, რომ 2025 წელს ბელარუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყველა ოფიციალური „საშინაო“ მატჩი საქართველოს ქალაქ გორში ჩაატარა.
- 41 წლის ევგენი ბულოიჩიკმა ბელორუსის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის ივლისში ჩაიბარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სპორტისა და ტურიზმის მინისტრისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი კოვალჩუკის პროტეჟედ არის მოხსენიებული.
ბელარუსულ გუნდებს უეფას ტურნირებში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, თუმცა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ 2022 წლის მარტიდან ბელარუსში საშინაო მატჩების ჩატარება არ შეუძლიათ. ეს შეზღუდვა ბელორუსის მიერ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის გამო დაწესდა. ყველა ბელარუსული კლუბი და ეროვნული ნაკრები მეტოქეს ნეიტრალურ სტადიონებზე უმასპინძლებს.