22 წელი ვარდების რევოლუციიდან - ენმ-ს წევრები რუსთავის საპატიმროსთან მივიდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს რუსთავის მე-12 საპატიმროსთან მივიდნენ, სადაც სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხდის. შეკრება ვარდების რევოლუციის თარიღს უკავშირდებოდა.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა ადგილზე საპროტესტო ბანერები გაშალეს. თან ჰქონდათ საქართველოს დროშები და ვარდები. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
პოლიტიკოსებმა 22 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ.
საქართველო იყო ჩაბნელებული, იყო კორუფციაში, იყო კრიმინალში ჩაფლული, მაგრამ ქართველი ხალხი მთავარს რასაც ითხოვდა, ამ პრობლემების მიღმა იყო ის, რომ ჩვენ შევერთებულიყავით 21 საუკუნის ცივილიზაციას. სწორედ ამ გამოწვევას უპასუხა ვარდების რევოლუციამ, მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველო 8 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპებით წამოეწია იმ განვითარებას და იმ ცივილიზაციას, რომელიც ევროპაშია და ახლა ყველაფერი უკან დაბრუნდა, - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.