"ენმ-ს მმართველობის გასაპროტესტებლად" - საჯარო მოხელეები თბილისისკენ სამეგრელოდანაც დაიძრნენ
სამეგრელოდან “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე მმართველი გუნდის ადგილობრივი ლიდერები და მხარდამჭერები კოლონებით მიემგზავრებიან. აქციაზე წამსვლელთა ნაწილს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ თავისუფლების მოედანზე გამარჯვებისთვის, ღირსების დასაცავად და ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის გასაპროტესტებლად მიდის.
ზუგდიდიდან წამოსულებს შორის საჯარო მოხელეები არიან.
"ქართული ოცნება" დღეს, 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.
ხალხის მობილიზება ხდება აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სხვა რეგიონებშიც. "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,ქართული ოცნება" მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 50 ლარს უხდის.