"ოცნებაში" არ აქვთ იმედი, რომ ივანიშვილს საკუთარ აქტივებზე წვდომა აღუდგება
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა მოიგო, "ოცნებაში" არ მალავენ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება პრობლემას წარმოადგენს. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერში დიფ სთეითის ხელი ურევია და სწორედ ამიტომ არ აქვს საკუთარ აქტივებზე წვდომა ივანიშვილს.
გადაწყვეტილება ნათელი იყო წინასწარვე და ამის მოლოდინი გვქონდა. პრობლემა არის მის აღსრულებაში. ანუ წვდომა თავის აქტივთან კვლავინდებურად შეზღუდული აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან დიდი გავლენაა, რასაც ჩვენ ვეძახით, აი, ამ დიფ სთეითის გავლენა მათ შორის ამ სასამართლოებზე, მათ შორის მის აღსრულებაზე. თავის აქტივზე, რომელიც განთავსებული აქვს ამა თუ იმ ბანკში, წვდომა არ აქვს შეზრუდული. აი, საკუთარი ბანკის ანგარიში რომ გქონდეთ და იქ თანხა.... ანუ ეს მორიგ ჯერზე გრძელდება, დღემდე გრძელდება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მას ისევ წვდომა აღუდგება თავის ფინანსებთან. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, როგორც აქამდე საერთაშორისო დავები მოიგო და სასამართლოები, მაგრამ მაინც წვდომა არ ჰქონდა, ახლაც დიფ სთეითი თავის საქმეს გააგრძელებს და წვდომას შეუზღუდავს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მაინც გვჯერა ბოლოში, რომ იქნებ მოხდეს სასწაული და აღდგეს სამართლიანობა, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ბრიტანეთის საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - განაჩენის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
უფრო კონკრეტულად:
ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა დღეს გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.