ვინ აფინანსებს ოცნებას?
სექტემბერში სამშენებლო ბიზნესი განსაკუთრებით მონდომებული იყო, რომ "ოცნებისთვის" დიდი ფული ეჩუქებინა. მხოლოდ ერთ თვეში 570 ათასი ლარი ივანიშვილის პარტიამ ერთი სექტორისგან მიიღო. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა "ოცნების" დამფინანსებლების კავშირები და სარგებელი, რომელსაც ისინი იღებენ. იმ კომპანიებმა, რომლებმაც სექტემბერში "ოცნებას" ფული აჩუქეს, 2024 წლიდან 581 მილიონის შესყიდვები მიიღეს ბიუჯეტიდან.
თუ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდს შევხედავთ, 2 ნახევარი მილიარდი მხოლოდ იმ კომპანიებს აქვთ ბიუჯეტიდან მიღებული, ვინც სექტემბერში გადაწყვიტა "ოცნებისთვის" ფულის ჩუქება. მაგალითად, გიორგი ჭყონია ახლა "ოცნების" დეპუტატია - მან 24 სექტემბერს ჩაურიცხა თავისივე პარტიას 60 ათასი ლარი, 2016 წლიდან თითქმის ყოველ წელს იგივე თანხას ჩუქნის "ოცნებას". ჭყონიას კომპანიებს 55 მლნ-ს შესყიდვები მხოლოდ ბოლო ორ წელში აქვთ მიღებული. სწორედ შპს "გზამ" მოაწყო გზა ივანიშვილის გიგანტური ხეების სატარებლად.
"ოცნების" ერთგული დამფინანსებლების სიაში მოხვდა "ბი კეიქ კონსტრაქშენიც", რომლის მფლობელიც "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილია, ამ კომპანიის დირექტორმა ბაკურ ბერეკაშვილმა "ოცნებას" 60 ათასი შესწირა ბოლო ორ წელიწადში კი 32 მილიონის ტენდერი მოიგო. სიაში შპს "ცეკურის" მფლობელებიც არიან - პარლამენტის ყოფილი წევრი სერგო ხაბულიანი და მისი შვილი. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ამ ერთ კომპანიას 300 მლნ-ზე მეტი აქვს ბიუჯეტიდან მიღებული. ასეთი კიდევ არაერთი კომპანიაა. ხან შესყიდვებს იღებენ, ხან სამშენებლო ნებართვებს ან ლიცენზიას, ხანაც სუბსიდიებს.