შესაძლოა, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების გაყიდვა სრულად აკრძალოს
საქართველოში შეიძლება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭიქების, თეფშების, დანების, საწრუპებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის გაყიდვა აიკრძალოს - ცვლილებს „ნარჩენების მართვის კოდექსში“ დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ამ ცვლილებების მიხედვით 2026 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო უწყებებს მსგავსი პროდუქტების შესყიდვაც შეეზღუდოთ.
„ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად მივედით შეთანხმებამდე, რომ ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება. ბიზნესსექტორს მიეცემა იმ მარაგების ამოყიდვის საშუალება, რომელიც იმპორტის აკრძალვამდე იქნება შემოტანილი", - განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ სადავო პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
- კანონპროექტი მთავრობას უფლებას აძლევს, განსაკუთრებულ შემთხვევაში აკრძალოს არა მხოლოდ პროდუქტის პირველადი მიწოდება ბაზარზე, არამედ მთლიანი ვაჭრობა, რაც მოქმედი რედაქციით შეუძლებელია.
რა შეიცვლება კანონში?
- „განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ვაჭრობა.“
- ამგვარად, უფლებამოსილება კონცენტრირდება მხოლოდ მთავრობაზე და დაემატა ფრაზა „ან/და ვაჭრობა“, რაც საშუალებას იძლევა არამხოლოდ იმპორტი და პირველი მიწოდება, არამედ შიდა ვაჭრობაც შეიზღუდოს.