"ჩვენთვის ცალსახა წითელი ხაზები არ არსებობს" - კუპრაძე მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე
"ჩვენთვის ცალსახა წითელი ხაზები არ არსებობს" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც წითელი ხაზები გაავლო და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ აპირებს.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით მნიშვნელოვანია არა ტოტალური ერთობა, არამედ გაერთიანება საერთო სტრატეგიის გარშემო, თუ როგორ უნდა დამარცხდეს ბიძინა ივანშვილის რეჟიმი.
ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ამ საკითხების გარშემო ყველას მოუწევს მსჯელობა, "მიუხედავად იმისა ვის რა აქვს ნათქვამი ერთმანეთზე".
ჩვენთვის ცალსახა წითელი ხაზები არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის განსხვავებული ხედვები რიგ საკითხებთან, წარსულთან, მომავალთანაც დაკავშირებით, მაგრამ ცალსახა წითელი ხაზები არ არსებობს. მთავარი და მნიშვნელოვანი არის არა ტოტალური ერთობა, არამედ ერთობა საერთო სტრატეგიის გარშემო, როგორ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. ამ საკითხების გარშემო მსჯელობა არის აუცილებელი, გარდაუვალი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მიუხედავად იმისა ვის რა აქვს ნათქვამი ერთმანეთზე," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, განსასჯელის სკამიდან ნიკა მელია, გუშინ, დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა წითელი ხაზები გაავლო და დაასახელა პოლიტიკოსი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.
მელიას ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია "ახალის" ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.