გატყუებენ ბატონო ბიძინა - თინა ბოკუჩავა
ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა მილიარდი დოლარის დასაბრუნებლად - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც "ოცნების" დამფუძნებლის „კრედიტ სუისთან“ დავას გამოეხმაურა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილს ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ადამიანების დაკავებით და პოლიტიპატრების აყვანით, დასავლეთი მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდება.
ოპოზიციონერის განცხადებითვე, სრულიად რეალისტურია, რომ "ოცნების" დამფუძნებელს მართლაც დაუწესდეს ბრიტანული ფინანსური სანქციები.
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას- ამბობს ბოკუჩავა.
ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა. ის ამ თანხას ვერ იღებს სინამდვილეში ეს არის ივანიშვილსი ბოლოდროინდელი გავეშების მიზეზი.
ახლა სად ატყუებენ მას - რიგ შემთხვევაში არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი და მხდალი ქოცი ხელქვეითები. მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის თუ ცოცხალ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს და პოლიტპატიმრების აყვანით, მას შეუძლია დაიბრუნოს მისი კუთვნილი მილიარდი დოლარი.
სრულიად რეალისტურია, რომ მას დაუწესდეს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლა სრულიად შეუძლებელია, ამერიკული სანქციები თეორიულად რომც მოიხსნას. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო დააჩქარებს ბრიტანულ სანქციებს.
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. ეს უნდა შეიმეცნოს, დაიჯეროს, არ უნდა მოუსმინოს გაუბედავ, უმეცარ რუს-ქოც ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ. უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა მილიარდი დოლარის დასაბრუნებლად. ამისთვის არსებობს კონკრეტული გზა და მოქმედებები, რომელიც შეუძლია გადადგას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
- ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა გუშინ გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
- Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.