Eagle Hills-ის პროექტის გამო "ოცნება" კანონს ცვლის - დაწყებულია თუ არა არაბულ ქალაქში ბინების გაყიდვა?
არაბული ქალაქის მშენებლობისთვის "ქართული ოცნება" მეწარმეთა შესახებ კანონს ცვლის - თუ აქამდე საჯარო მოხელეს კერძო კომპანიის სამთვალყურეო საბჭოში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, ეს წესი იცვლება.
ცვლილებების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენელს კომპანია „Eagle Hills საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუძლია.
- შესაბამისი ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის და კომიტეტის წევრის ლევან მაჭავარიანის მიერ არის მომზადებული.
ახლა საინტერესოა, ვინ იქნებიან იმ არაბული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰექტრობით მიწას გადსცემს?
- ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საჯარო მოხელეები სახელმწიფო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებში პოზიციებს წარსულშიც იკავებდნენ, თუმცა მათ ეს უფლება სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში შეეზღუდათ, რაც სახელმწიფო კომპანიებზე პოლიტიკური მმართველობის გავლენის შემცირებას ემსახურებოდა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ არაბულ ქალაქში, სავარაუდოდ, ბინების გაყიდვა დაწყებულია ისე, რომ არც სამშენებელო ნებართვა და არც პროექტი არ არსებობს - ინფორმაციას "პირველებს" ბესო დონაძე აწვდის.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ამბობს, რომ როგორც მას „Eagle Hills"-ის გაყიდვების ჯგუფმა უთხრა, არაბულ ქალაქში ბინების კვადრატულობის ფასი 3000 დოლარიდან იწყება.
დამიკავშირდა გაყიდვების მენეჯერი და შემომთავაზეს 50 კვადრატულის აპარტამენტი, 3000 დოლარად კვადრატული. როდესაც მოვითხოვე პროექტი, თქვეს, რომ პროექტი ჯერ არ აქვთ, მაგრამ გაყიდვები მიმდინარეობს. პირველადი შეტანატი არის 20%. დაახლოებით 30 000$ ათასი რომ შევიტანო, მზად არიან რომ თანხა მიიღონ. ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი პროექტის გარეშე. ყველაფერი ხდება, როცა სახელმწიფო წილში არ არის არაფერში. Eagle Hills-ში დაწყებულია გაყიდვები, ანუ ფაქტობრივად 30 000$ ათასი რომ გადავუხადო, უკვე ვხდები არარსებული ბინის მეპატრონე და ფაქტობრივად, დუბაიში რეგისტრირებული კომპანია კი არ აკეთებს ინვესტიციას, ანუ მე ვაკეთებ ინვესტიციას, იმიტომ, რომ გაყიდვებსი მენეჯერი გეუბნება, რომ ეს არის ძალიან კარგი ინვესტიცია", - ამბობს ბესო დონაძე.
ბინების გაყიდვის დაწყებას Eagle Hills-ში არ ადასტურებენ, ამბობენ, რომ მოქალაქეებს მხოლოდ პროექტის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. სხვა კომენტარის გაკეთებაზე კომპანიაში "პირველებს" კატეგორიულ უარს ეუბნებიან.
რაც შეეხება "ოცნების" დაანონსებულ ცვლილებეს - რა წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში :
- "საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულების საფუძველზე, ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით გაფორმდა „საინვესტიციო ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიის - შპს ,,იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011) მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩო, მისი განხორციელების წესები. „აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს "იგლჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011, შემდგომში - ერთობლივი საწარმო) სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ამასთან, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.