"ოცნების" ლიდერი ონლაინ მედიას ემუქრება
შალვა პაპუაშვილი ონლაინ მედიების მიმართ კიდევ უფრო მკაცრ რიტორიკაზე გადავიდა. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოცემები სისხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულა. ამის შესახებ "ოცნების" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა ონლაინ მედიებს "მიკროფონიანი ენჯეოები" უწოდა. ამასთან, "ოცნების" ლიდერს არც პარტნიორები დავიწყებია და ანტიდასავლური განცხადებები ამ ჯერზეც გააჟღერა.
„როცა საუბარია ონლაინმედიაზე, ეს არის ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედიაორგანიზაციები. სინამდვილეში, ესენი არიან ჩვეულებრივი ენჯეოები, რომლებსაც აქვთ ვებგვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით, არიან ვებგვერდიანი ენჯეოები, ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. მიკროფონიანი ენჯეოები არიან.
არავითარი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში. რითი განასხვავებთ „პუბლიკას“ საერთაშორისო გამჭვირვალობისგან? მიკროფონიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც სტატიას დებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე საერთაშორისო გამჭვირვალობა.
გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით, რომ დონორების კარნახით არ დარეგისტრირდნენ, ვინც დარეგისტრირდა, იმათ მერე ფულს არ აძლევენ.
იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ კანონმდებლობას და ამ სქემის ნაწილი არის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება. რა, რა და არსებულ სამართალდამცავ უწყებებს დღევანდელი შემადგენლობით და ხელმძღვანელობით ერთი პრეტენზია არ ეთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ერიდებიან ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას. არავის მიმართ არ ერიდებიან. არის კანონმდებლობა და კეთილი ინებოს ყველამ, ბრიუსელმაც, სტოკჰოლმმაც და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან კრიპტოვალუტებით ფულის ტრიალს”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ სამთავრობო ტვ „იმედმა“ ეთერში გაუშვა სიუჟეტი, სადაც ონლაინ მედიები „აგენტებად“ და „ანტიქართულ ქსელად“ წარმოაჩინა.
სიუჟეტი ემთხვეოდა "ოცნების" ხელისუფლების აქტიურ კამპანიას კრიტიკული მედიების წინააღმდეგ.
ამაზე „სინათლე მედიამ“, რომელიც ზემოხსენებული 22 გამოცემის ერთობაა, განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი მათი დისკრედიტაციაა - იმიტომ, რომ საზოგადოების მაღალი სოლიდარობა ივანიშვილის მთავრობისთვის „ხშირად მიუღებელია“.