ელისაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე: დიდი აფერა, სადაც წაგებული რჩება საქართველო, რომელიც არაბებს ჩუქნის 1000 ჰექტარს
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "TV პირველის" ეთერში არაბული ინვესტიციის საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ეს არის დიდი აფერა, სადაც წაგებული რჩება საქართველოს სახელმწიფო, რომელიც არაბებს ჩუქნის 1000 ჰექტარს, ორ ძალიან პრობლემურ რეგიონში “
მისი თქმით, აღნიშნული კომპანია, ევროპაში სადაც არ შევიდა, ყველა მხრიდან გამოაგდეს.
ელისაშვილი ითხოვს, გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, “თუ სამშობლოს და საქართველოს ინტერესების ღალატს არ აქვს ადგილი.“
ამ არაბული აფერის გამო, ის თმაგაჩეჩილი, თავის თავს პრემიერს რომ ეძახის, დადის და რომელიღაც კომპანიის პრომო ბიჭია. დადის ეთერ-ეთერ, ვიდეო ჩაწერა, ახლა იმღერებს და იცეკვებს ცოტა ხანში. მეტი საქმე არ აქვს? იმ არაბულმა კომპანიამ თავის თავზე თვითონ იდარდოს, თუ რაღაც მამაძაღლობას არ აქვს ადგილი, მაგრამ აქვს. სამშობლოს და საქართველოს ინტერესების ღალატს აქვს ადგილი. ქვეყნის მიწა-წყლის გაყიდვას აქვს ადგილი. მარტივ რაღაცას ვითხოვთ, ხელშეკრულება გაასაჯაროვონ, გვითხრან რ წერია იქ, რატომ მალავენ თუ მიქარვას არ აქვს ადგილი. ეს არის აფერა, არანაირი ინვესტიცია არ შემოდის, არანარი ფული არ იდება, ჩვენ აქ ვაძლევთ 1000 ჰექტარ მიწას ქვემო ქართლში და აჭარაში, ვჩუქნით ვიღაც გაუგებარ ტიპებს. გინდა ქსენოფობი მეძახონ და რაც უნდა მეძახონ, არ უნდა აშენდეს, საქართველოში მარტო ქართული ქალაქები უნდა შენდებოდეს, - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ Eagle Hills Georgia-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ "რუსთაველის" შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი "მწვანე ქალაქი", ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე "პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი" აშენდება.