მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჟურნალისტებს პირდაპირი ჩართვიდან დარბაზში შებრუნების უფლება არ მისცა

26.11.25 13:22
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჟურნალისტებს პირდაპირი ჩართვიდან დარბაზში შებრუნების უფლება არ მისცა

სასახლის ღობის საქმე - ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულების  პროცესი მიმდინარეობს. 

განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე,  მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სხედან, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი კი საქართველოში არ იმყოფება. სხდომას მისი ადვოკატი ესწრება. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, რომელმაც სხდომა რამდენიმე წუთის წინ გახსნა, ჟურნალისტებს პირდაპირი ჩართვიდან დარბაზში შებრუნების უფლება არ მისცა. 

„სხდომის მიმდინარეობას მოძრაობა ხელს შეუშლის სასამართლოს, ამიტომ თუ გაბრძანდებით, ვეღარ შემოხვალთ, იქამდე, სანამ არ გამოცხადება შესვენება ან სხდომა არ გადაიდება...ასეთი პრაქტიკით ვმუშაობთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე“, - მიმართა მოსამართლემ ჟურნალისტებს, რომლებმაც სხდომის მიმდინარეობისას დარბაზიდან გასვლისა და დაბრუნების უფლება ითხოვეს.

დღეს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ და გადაიხედება აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. 

სასამართლო სხდომას ესწრებიან დაკავებულების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
„თმა გიხდება“, - ანიშნებს ირაკლი ნადირაძე დარბაზში მჯდომ ცოლს.


 

მსგავსი სიახლეები