კობახიძის თქმით, სახელმწიფოსა და Eagle Hills-ს შორის საინვესტიციო დავის შემთხვევაში, მას ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს

26.11.25 14:13
კობახიძის თქმით, სახელმწიფოსა და Eagle Hills-ს შორის საინვესტიციო დავის შემთხვევაში, მას ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს

პარლამენტში ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-თან ხელშეკრულების იურიდიულ მხარეზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის კითხვებს უპასუხა. შარაშიძე დაინტერესდა, რა იურისდიქციაში ხორციელდება დავების განხილვა და რა ფინანსურ რისკებს შეიძლება შეხვდეს სახელმწიფო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბიუჯეტში უკვე 4.8 მილიარდი ლარის პოტენციური დავებია ასახული.

კობახიძის განმარტებით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შესაძლო დავას ბრიტანული სამართალი და ციურიხის საარბიტრაჟო პალატა განიხილავს.

რაც შეეხება დავების განხილვის საკითხს, ბრიტანული სამართლის ქვეშ არის. რა თქმა უნდა თვითონ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ საქართველოში. ანუ შესაბამისი დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის, ანუ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ესეც არის საერთაშორისო პრაქტიკა და ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს შესაძლო ნებისმიერ დავას, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში წაგებული საქმეების გამოცდილებით, ქვეყანას შესაძლოა მომავალი მრავალმილიონიანი რისკები დაუდგეს.

მინდა გთხოვოთ დაზუსტება... 2026 წლის ბიუჯეტში გიწერიათ, რომ 4.8 მილიარდი ლარია იმ პოტენციური დავების ფინანსური რისკი… ამიტომ კითხვა მდგომარეობს შემდეგში თუ რა სამართლებრივ იურისდიქციაში ექცევა ეს კომპანია და დავების შემთხვევაში სად მოხდება ამ დავების გადაწყვეტა, - განაცხადა შარაშიძემ.

სხდომაზე კობახიძემ ასევე გაიმეორა, რომ საინვესტიციო შეთანხმების კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადება „ინვესტორის ინტერესების დაცვისთვის“ მოხდა და ეს პრაქტიკა საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია.

„იგლ ჰილს საქართველო“ 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა და ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. სახელმწიფო პროექტში 850 ჰექტარ ქონებას შეჰყავს, ხოლო ინვესტორს 6.6 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვა და პროექტის მენეჯმენტი ევალება.

მსგავსი სიახლეები