ირაკლი ნადირაძე არა თუ არ მიმალულა, სახლშიც კი არ წასულა, რომ რამე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი - ადვოკატი სასამართლოზე
ირაკლი ნადირაძე არა თუ არ მიმალულა, სახლშიც კი არ წასულა, რომ რამე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსის, ირაკლი ნადრიაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რითაც პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ პოზიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.
აბესაძის თქმით, საქმე სისხლის სამართლის წარმოების გაგრძელების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. '
პროკურატურას იმდენად გაუჭირდა მტკიცებულებების მოპოვება, აბსოლუტურად ულოგიკოდ გააერთიანა ამ ორი ხუთეულის საქმე - თქვა აბესაძემ სხდომაზე.
ირაკლი ნადირაძე მურთაზ ზოდელავასთან ერთად ელოდებოდა დაკავებას, რადგან ამის მოლოდინი ჰქონდა. მისი მხრიდან არათუ მიმალვას არ ჰქონია ადგილი, სახლშიც კი არ წასულა, რომ რამე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი. მოწმეებზე ზემოქმედება გამორიცხულია, რადგან უმეტესობა სამართალდამცავები არიან. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მთელი არსი ნადირაძის მხრიდან მოწოდებების გაკეთებაა. 21-ე საუკუნეა და საბჭოთა პერიოდის საქართველო არაა, საითკენაც ეს ხელისუფლება მიგვექაჩება. რა უშლის 21-ე საუკუნეში, თუნდაც ციხეში მყოფ ირაკლი ნადირაძეს ხელს, რომ თავის სოციალური ქსელის გვერდზე განათავსოს იგივე, როგორც თქვენ უწოდებთ დანაშაულებრივი მოწოდება? თუ გინდათ ირაკლი ნადირაძემ არ აკეთოს დანაშაულებრივი მოწოდებები, ამაზე ეფექტური შეიძლება გირაო იყოს, ვიდრე მისი პატიმრობაში ყოფნა“, - განაცხადა აბესაძემ. (IPN-ის მიხედვით)
ცოტა ხნის წინ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსების: მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
ამასთან, მან ისაუბრა პროკურატურის პოზიციაზე, რომლის თანახმად, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არცერთი საფრთხე თეორიულადაც კი არ არსებობს.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.