კობახიძის თქმით, Eagle Hills-ის პროექტის მშენებლობას ქართული კომპანიები უზრუნველყოფენ

26.11.25 14:39
კობახიძის თქმით, Eagle Hills-ის პროექტის მშენებლობას ქართული კომპანიები უზრუნველყოფენ

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისსა და გონიოში Eagle Hills-ის ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები და ჯამში 24 000 ადამიანი დასაქმდება.

სხდომაზე, სადაც ის ინტერპელაცის წესით დაიბარეს, კობახიძემ თქვა, რომ არაბული დეველოპერის პრაქტიკით სამშენებლო კონტრაქტორებად ძირითადად ადგილობრივი ბიზნესები ინიშნება.

"Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი.

ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად, ქართული კომპანიები მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს პროექტების განხორციელების დროს. ეს პრაქტიკა თავის წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის განვითარებაში საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე გააჟღერა ფისკალური ეფექტის პროგნოზი და თქვა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი პროექტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონ ლარს მიიღებს. მისი მტკიცებით, 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტში ჯამურად შევა 5 მილიარდი ლარი, ხოლო დივიდენდებიდან სახელმწიფოს 2 მილიარდი უნდა დარჩეს.

"სახელმწიფო ბიუჯეტში შევა პროექტის განხორციელების განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდი ლარი… გამოდის წელიწადში 500 მილიონი ლარი.
…ჯამური ამონაგები იქნება სუფთა, წმინდა მოგება 6 მილიარდი ლარი, საიდანაც სახელმწიფოს დარჩება ერთი მესამედი, ანუ დაახლოებით 2 მილიარდი ლარი,“ — აღნიშნა კობახიძემ. 

Eagle Hills საქართველოსთან შეთანხმებით ორი დიდ მასშტაბის დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს:

• თბილისი, კრწანისი - „ახალი მწვანე ქალაქი“ (600 ჰექტარი)
დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, გასართობი სივრცეები, კვების ობიექტები და სხვა ინფრასტრუქტურა.

• გონიო - ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი)
პროექტი მოიცავს იახტ-კლუბს, პრემიუმ სასტუმროებს, არეალს მდიდრული საცხოვრებლებისთვის და დანარჩენ კომერციულ ინფრასტრუქტურას.

„იგლ ჰილს საქართველო“ 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელია UAE-ში რეგისტრირებული Jaona Investment LLC, რომლის დამფუძნებელია მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის დირექტორია ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

მსგავსი სიახლეები