როდიდან მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს ახალი მოდელის შესაბამისად
პარლამენტში ინტერპელაციისას ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ მასშტაბურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება - ნაწილი უკვე მომდევნო სასწავლო წლამდე, ნაწილი კი მრავალწლიან პერიოდში. სამთავრობო გეგმების მიხედვით, იცვლება უნივერსიტეტების პროფილები, დაწესდება მიღების ახალი წესები და ამოქმედდება დაფინანსების ახალი მოდელი.
კობახიძის თქმით, სექტემბრამდე უნდა დასრულდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, შრომის ბაზრის ანალიზი და უნივერსიტეტებში მიღების ახალი მოდელის ამოქმედებისთვის საჭირო პირობების მომზადება, ხოლო ინფრასტრუქტურის შექმნასა და სისტემურ გარდაქმნას 4–5 წელი დასჭირდება.
„რაც შეეხება რეფორმის გატარების ვადებს. გამოვყოფდი ორ ფაზას. პირველი, რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე – უნდა მოესწროს კანონმდებლობის გადახედვა; შრომის ბაზრის ანალიზი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს საამისოდ პირობები; უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა, დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით.
მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხება მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში.
მეორე ფაზა ეს არის 4-5 წელიწადი. გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში.
ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში, შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში.
3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა – ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება.
აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია, ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა – მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს, დაახლოებით, 4-5-წლიან პერიოდს,“ – განაცხადა კობახიძემ.