მოსამართლე შვანგირაძემ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება შვანგირაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.
- დღეს 10-ვე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიება გადაისინჯა.
ჩვენ არ ვახდენთ წინა გადაწყვეტილების რევიზიას, ამის უფლებამოსილება აქვს ზემდგომ სასამართლოს, ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხომ არ გამოვლენილა ახალი გარემოებები. ის, რომ გამოძიება დასრულებულია, გარკვეულწილად ამცირეს მოწმეებზე ზემოქმედების და მკიცებულებების განადგურების საფრთხეს, მაგრამ რჩება სხვა გარემოებები... ეს საფრთხეები იმ ხარისხით არსებობს, რა ხარისხითაც არსებობდა პირველი წარდგენის სხდომაზე“, - განაცხადა შვანგირაძემ.
განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სხედან, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი კი საქართველოში არ იმყოფება. სხდომას მისი ადვოკატი ესწრება.
ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას, პროკურატურა კი დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
(ფოტო სასამართლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება)
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.