რა ღირს სწავლა კერძო სკოლაში, სადაც ვადაგასული საკვები აღმოაჩინეს
ჩინური ვადაგასული ხორცპროდუქტებით, თბილისის ერთ ერთი ძვირადღირებული კერძო სკოლის მოსწავლეებს კვებავდნენ. ქათმის ფილეს, "ნაგეტსს", ბარკლებს, რომელიც "განათლების თანამდეროვე აკადემიის" სასადილოში იყო შენახული, ვადა 4 თვის წინ გაუვიდა, თუმცა სკოლის მოსწავლეების სწორედ ვადაგასული პროდუქტით დამზადებულ საკვებად აძლევდნენ.
"თანამედროვე განათლების აკადემია" აერთიანებს კერძო სკოლასა და ბაღს - სკოლაში ერთი მოსწავლის სწავლის საფასური 9600 ლარია. ეს თანხა კვებასაც ითვალისწინებს - აღმოჩნდა, რომ კაფეტერიაში ვადაგასული ჩინური ხორცის გარდა, კიდევ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.
სკოლა ბავშვების საკვების მოსამზადებლად, რომ გაყინულ ჩინური წარმოებს ხორცს იყენებდა, მშობლებმა აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბავშვი მუცლის ტკივილს უჩიოდა და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, მშობლებმა სამზარეულო შეამოწმეს და საკუთარი თვალით ნახეს, რომ გაყინულ პროდუქტს, ვადა 4 თვის წინ ჰქონდა გასული.
კომპანია, რომელიც ბავშვებს საკვებით ამარაგებდა შპს ფუდ სერვისია - მისი დირექტორი იუნონა ჯუღელია - დღეს ის სკოლაში არ გამოჩენილა. მის მიერ შეტანილ პროდუქტებზე მონიტორინგი კი სკოლის თანადამფუძნებელ კახა ჯაფარიძეს ევალებოდა - აღიარებს, რომ პროდუქტის ვადები არ შეამოწმა. თუმცა, რატომ ყიდულობს სკოლა ჩინურ გაყინულ პროდუქტს ბავშვებისთვის და კონტრაქტორს რატომ არ დაუკვეთა ქართული პროდუქტი, ამაზე ახსნა არ აქვთ.
კაფეტერიაში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა - იყო გამწოვის პრობლემაც, ეტიკეტების წესის დარღვევა, რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას, თვალსაჩინოა ანტისანიტარიაც.