სასახლის ღობის საქმე - პროკურატურა კობახიძის დაკითხვას არ აპირებს
საქართველოს პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვას არ აპირებს.
შესაბამისი განცხადება საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა TV პირველის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა:
მოვლენების დასრულების შემდგომ პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა.
არავის არაფრის ეშინია, ბრალდების მხარემ... ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა," - თქვა თამარ ბეჟუაშვილმა.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და პარალელურად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა, თქვა: "ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება დიდი სიურპრიზი", შესაბამისად გაჩნდა კითხვა რა ინფორმაციას ფლობდა კობახიძე.
- ამასთან დღეს გამოძიება კობახიძესთან გადაამისამართა დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც.
თამარ ბეჟუაშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც მისივე მტკიცებით, ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.
„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.
მთელს სისხლის სამართლის საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.