მილიონერი დეპუტატების ბიზნესი - ვისზე გავრცელდება ღარიბაშვილის პრეცედენტი
ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ქვიშის, მეორადი აგურისა და ცემენტის სავაჭრო ობიექტი, პარლამენტის წევრის ეკა ჭიჭინაძისა და მხატვარ ნიკუშა შენგელაიას ბიზნესია. ეკა ჭიჭინაძის საჯარო დეკლარაციით, ის და მისი ქმარი რამდენიმე კომპანიის მფლობელები არიან, თუმცა მისივე მტკიცებით, არც ერთი კომპანიიდან შემოსავალი არ აქვთ. გამონაკლისია მხოლოდ „კედარი 2008“. "შაბათის ეთერი"დაინტერესდა, რას საქმიანობს ბიზნესი, რომლის 25% წილის მფლობელიც, ბიძინა ივანიშივლისა და ეკატერინე ხვედელიძის მეგობარი ოჯახია.
ირკვევა, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ძველ შენობას ბიძინა ივანიშვილის მეგობარი აქ დასაქმებულ მუშებზე აქირავებს. ეკა ჭიჭინაძე დეკლარაციაში წერს, რომ ელიავას ბაზრობიდან წელიწადში მხოლოდ 17 736 ლარს იღებენ.
თუ ოჯახს სხვა კომპანიებიდან ფული არ შემოსდის, მაშინ რა შემოსავლებით მოიყარა თავი ანაბრებზე მილიონებმა?! თანამდებობის პირი ცოლის მიერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამხატვრო აკადემიის პროფესორის ყოველთვიური ანაზღაურება გასულ წელს, მხოლოდ 728 ლარი იყო.
პირველი ბიზნესის წილი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ეკა ჭიჭინაძის სახელზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა. ჭიჭინაძე 2014 წელს რეგისტრირებული ,,ფერო მეტალის აქციების მფლობელი გახდა. ახლა წერს, რომ საწარმო აღარ ფუნქციონირებს. იმავეს იტყობინებიან გასულ წელს, ნიკუშა შენგელაიას მიერ რეგისტრირებულ კომპანია "ჰიდროვეივზეც".
- 70 ათას ევროიანი "მერსედეს ჯი ელ სი 200", 91 ათას დოლარად შეფასებული "მერსედეს ჯი ელი 450", 80 ათასი დოლარის ღირებულების "მერსედეს ბენზ ემელ 400". ანაბრებსა და დეპოზიტზე 2 250 576 დოლარი , 345 800 ლარი, 480 ათასი დოლარი, და კიდევ 3 მილიონ ამერიკულ დოლარი - ამ შემნახველი ანგრიშების უმრავლესობა 2023-დან 2025 წლამდეა შექმნილი.
"შაბათის ეთერი" არკვევდა, პარლამენტის მილიონერმა დეპუტატებმა ბიზნესების მართვაზე უარი მართლა თქვეს, თუ აქტივები სამართავად სხვებზე ფიქტიურად აქვთ გადაცემული, რეალურად კი საკუთარ კომპანიებს პარლამენტიდან ლობირებენ.
ვის ემუქრება საფრთხე და რატომ შეიძლება გაიზიარონ ღარიბაშვილის ბედი მისმა თანაგუნდელებმა?!
- საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 63-ე მუხლი გვეუბნება, რომ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება მონაწილეობდეს სამეწარმეო საქმიანობაში. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია. ამ ჩანაწერის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, თუმცა ღარიბაშვილის შემთხვევაში გამოძიებამ სხვა პრეცედენტი შექმნა - თქვა, რომ თუ ვინმე ბიზნესს იმ დროს აკეთებდა რა დროსაც კანონი უკრძალავდა, ამ დროს მიღებული შემოსავალი უკანონოა. უკანონო შემოსავლების მიღება და ლეგალიზაცია კი უკვე სისხლის სამართლის დანაშუალია და 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ნინო წილოსანი
ნინო წილოსანიც მილიონერი დეპუტატია - მთავარი კითხვაა, ხომ არ იტყუება ქალბატონი ნინო, როდესაც ამბობს, რომ წილი სამართავად სხვას გადასცა და რეალურად, ისევ თავად ხომ არ მართავს მისსავე სახელზე არსებულ წილებს?!
შოთა ბერეკაშვილი
დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა კითხვას, დადის თუ არა ოფისში, საიდანც მისი ბიზნესიმპერია იმართება, პასუხის გაცემას თავი აარიდა, თუმცა როგორც პირად საუბრებში მისი იქ დასაქმებულები ჰყვებიან, გადაწყვეტილებებსაც თავად დეპუტატი იღებს.
- სამშენებლო კომპანია "თეთრი კვადრატი" მშენებლობებით ისანში, ნაფეტვრებში, მინდელის ქუჩაზე, შატავაზე და სამშენებლო კომპანია, "ბიქეი ქონსთრაქშენი", რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბოლო მონაცემებით, ბიუჯეტიდან 32 მილიონი აქვს მიღებული.
საბუთების თანახმად, შოთა ბერეკაშვილმა ამ ბიზნესების მართვაზე უარი თქვა და ეს მრავალმილიონებიანი იმპერია ცოლს მაკა კვიციანს გადააბარა. აღმოჩნდა, რომ კვიციანი აქ, არასდროს არავის უნახავს.
ბეჟან წაქაძე
- დეპუტატის ოჯახსაც სამშენებლო ბიზნესი აქვს. თბილისის ელიტურ უბნებში კორპუსებს აშენებს და ბინებს ყიდის. ოპოზიციის და მკვლევარების ინფორმაციით, ბოლოს შუაგულ მთაწმინდაზე ისტორიული შენობა უნებართვოდ დაანგრია - ამტკიცებს, რომ ჩამოინგრა. ახლა აქ უზარმაზარ კორპუსს აშენებს. ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ კომპანიაში წიგნების წასაკითხად მიდის, თუმცა ოფისში მსგავსი ბიბლიოთეკა არ აღმოჩნდა.
ანტონ ობოლაშვილი
- "გლობალფარმი" ანტონ ობოლაშვილის ფარმაცევტული ბიზნესია. "ველჰაუსის" ცათამბჯენებიც. ორივე კომპანიაში "ოცნების" პარლამენტარმა, დოკუმენტების მიხედვით, წილის მართვა მეუღლეს, ლია ობოლაშვილს მიანდო.
ილია ინჯია
- ფრიდონ ინჯიას ვაჟთანაც "შაბათის ეთერი" იმის გასარკვევად მივიდა, ჩამოშორდა ბიზნესს თუ მისი წილიც სამართავად, ფიქტიურ პირზეა გადაცემული. ილია ინჯია ამტკიცებს, რომ არ ახსოვს რდის იყო ოჯახის კუთვნილ კომპანიაში.
პარლამენტში 30-ზე მეტი ბიზნესმენია. "შაბათის ეთერმა" 10 მათგანის კეთილსინდისიერების გადამოწმება შეძლო. პასუხები ნაეთ მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში.