საიდუმლო სატრანზიტო ჰაბი ენგურზე - რუსულ-აფხაზური ტერმინალი დასრულების ეტაპზეა

10.12.25 15:31
საიდუმლო სატრანზიტო ჰაბი ენგურზე - რუსულ-აფხაზური ტერმინალი დასრულების ეტაპზეა

გალის რაიონში აფხაზურ-რუსული საერთო სატრანზიტო ჰაბის პროექტი დასრულების ეტაპზეა. როგორც პროფილური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ასტამურ ახსალბამ განაცხადა, მშენებლობა დასრულებულია - დარჩენილია ტერმინალზე სკანერების, რენტგენის სისტემებისა და ტვირთის დეტალური შემოწმებისთვის საჭირო სარკმულების მოწყობა.

მისი თქმით, ობიექტის იდეა დიდი ხანია განიხილებოდა, თუმცა რუსეთისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიძინა.

ნახევარსაათიან ინტერვიუში ახსალბამ დაადასტურა, რომ პროექტის შესახებ ინფორმაცია განზრახ იყო დამალული, რადგან რეგიონში „რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა“:

„აქვე მიმდინარეობს ომი, მთელი დასავლეთი რუსეთის ფედერაციას უპირისპირდება. ამიტომ საჭირო გახდა პროექტის დროებით დახურვა… ჩვენ გვიწევდა ჩუმად მუშაობა, რათა წარმატებით დაგვესრულებინა,“ - აცხადებს იგი.

ახსალბას თქმით, სატრანზიტო ჰაბის იდეა უკავშირდება 2010–2011 წლებში რუსეთისა და აფხაზეთის საბაჟო სამსახურებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და ავტოსატრანსპორტო დერეფნების განვითარებას ეხებოდა. მისი განმარტებით, 2012–2014 წლებში პროექტის რეალიზაცია „საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო შეუძლებელი იყო“.

მისივე განმარტებით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ჰაბი „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ გახდა სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთისთვის, და ამ პერიოდში მისმა კომპანიამ შესთავაზა ჰაბის განთავსება გალის რაიონში. ის აღნიშნავს, რომ ახალი ობიექტი რუს და აფხაზ მეწარმეთა კერძო ინვესტიციით შენდება, ხოლო ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალი - რუსეთის დაფინანსებით.

ახსალბას განცხადებით, მოსკოვი უკვე განიხილავს სატრანზიტო მარშრუტის გამოყენებას ირანთან, ინდოეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, როგორც მოკლე გზას სამხრეთ რუსეთის რეგიონებთან - როსტოვთან, კრასნოდართან და სოჭთან.

მისივე თქმით, პროექტს გარკვეული ბარიერები აქვს აფხაზეთის სტატუსის გამო, თუმცა დიალოგები უკვე მიმდინარეობს:

ჩვენ ვხვდებით ინდოეთის და ირანის წარმომადგენლებს, განვიხილავთ პროექტებს… სამშენებლო სამუშაოების 80% დასრულებულია, დარჩენილია სკანერებისა და რენტგენის ტექნიკის მონტაჟი, - ამბობს ის. 

ახსალბა აცხადებს, რომ მესამე ქვეყნებიდან შემოსული საქონელი აფხაზურ ბაზარზე არ მოხვდება, თუმცა ახალი დერეფანი აფხაზეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს გაამარტივებს.

იგი აღწერს ლოგისტიკურ სქემასაც:

ირანული სატვირთო ავტომანქანა შევა ოკუპირებულ აფხაზეთში, მივა ოჩამჩირის ტერმინალამდე, გადმოტვირთავს საქონელს და დატოვებს რეგიონს; საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტი მოძრაობას აფხაზეთის სიღრმეში გააგრძელებს შესაბამისი კონტროლით. მე მესმის ადამიანების შეშფოთება, რადგან მეზობელი ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას შესყიდვაში. ჩვენ მხოლოდ გავატარებთ უკვე შეძენილ საქონელს… რუსეთის ფედერაცია მოგვმართავს ლოგისტიკური მომსახურებისთვის, - აცხადებს ახსალბა.

მისივე თქმით, უკვე ფუნქციონირებს ოჩამჩირის სარკინიგზო ტერმინალი, ხოლო გალის მიმართულებიდან ტვირთი სწორედ იქედან გაეგზავნება რუსეთში ან პირიქით.

ენგურის ხიდთან მიმდინარე მასშტაბური მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2023 წლის ნოემბერში გაჟღერდა, თუმცა არც თბილისი და არც სოხუმი პროცესს თავიდან არ განმარტავდა. დუმილი დაარღვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და განაცხადა, რომ ტერმინალი „უკანონოა“.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, გალის შიდა ტერიტორიაზე ტერმინალის მშენებლობა „დიდი ხანია მიმდინარეობს“ და სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებას ისახავს მიზნად.