გამოიყენებს თუ არა ივანიშვილი პოლიტპატიმრებს დასავლეთთან ვაჭრობისთვის? - რას ამბობს ოპოზიცია
ბელარუსში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხება, ქართული ოპოზიცია ანალოგიურ სცენარს არც საქართველოში გამორიცხავს. "ოცნების" ოპონენტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, შესაძლოა, ივანიშვილს სწორედ დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდებოდეს და სანქციების მოხსნის შესაძლებლობად ხედავდეს.
როგორც ჩანს, ეს სჭირდება "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გარიგებისთვის, რომ მძევლების გათავისუფლება გახდეს მისთვის მოალაპარაკების ერთ-ერთი შინაარსი და წინაპირობა. სხვა ახსნა არ აქვს ისეთი ადამიანების დაპატიმრებას, რომელთა ბიოგრაფიასაც რომ კითხულობ, უბრალოდ, გინდა, ინატრო, რომ შენს ქვეყანაში ასეთი ხალხი გყავდეს რაც შეიძლება მეტი, - ამბობს "მართმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავა არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს ამგვარი სცენარი გუნებაში ნამდვილად ჰქონდეს, თუმცა მისი თქმით, ამის განხორციელება მისთვის ბევრად რთული იქნება, ვიდრე ეს ლუკაშენკოს შემთხვევაში მოხდა.
საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის გუნებაში იყო ანალოგიური ოპერაციის შესრულება ახლა, იმიტომ, რომ საქართველოში არის 150-მდე პოლიტიკური პატიმარი, ივანიშვილი ადამიანებს აკავებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს მართლა უნდოდეს ტყვეებით ვაჭრობა იმ ფონზე, რომ მას ერთხელ უკვე გაუკეთებია უფრო მცირე მასშტაბში, მაგრამ მთავარი განსხვავება აქ ბელარუსსა და საქართველოს შორის არის შემდეგი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკა, ხედვა დასავლეთში არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. არავინ ივანიშვილს არ აპატიებს იმას, რასაც აპატიებენ ლუკაშენკოს, იმიტომ, რომ არასდროს ბელარუსი არ გაიხილებოდა დასავლური სივრცეში ინტეგრალურ ნაწილად განსხვავებით საქართველოსგან. საქართველოს აბსოლუტურად სხვა სტანდარტები აქვს დასავლეთში, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
დასავლეთის მხრიდან ივანიშვილთან გარიგებაზე წასვლას გამორიცხავს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავაც.
პოლიტიკური პატიმრები არ არიან ჩვეულებრივი პატიმრები, ისინი არიან ტყვეები და ეს ტყვეობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით არის გადაწყვეტილი და ამ მიზანს ემსახურება, რომელიც გულისხმობს ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას და ცხადია, არავინ აპირებს ქვეყნის მომავლით ვაჭრობას, პირველ რიგში დემოკრატიული ოპოზიციიდან და ლუკაშენკოს შემთხვევა საქართველოსგან განსხვავებულია, - ამბობს ლაშა ფარულავა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა ამბობს, რომ ბალარუსის პროცესებმა ცხადყო, რომ სანქციები მუშაობს და რომ ტრამპის და აშშ-ს მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა აქუალურია.
ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სანქციები მუშაობს და მათ შორის მუშაობს ბელარუსი დიქტატორის, ლუკაშენკოსთვისაც, რომელსაც ივანიშვილისგან განსხვაებით ბევრად უფრო დიდი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ დიდხანს გაძლოს საერთაშორისო სანქციების ქვეშ, მიუხედავად ამისა, ისიკ კი მიდის სანქციებთან დაკავშირებით დათმობებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი და აშშ პირადად არიან ჩართულები პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში, - ამბობს ნიკა ფარულავა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა - გადაწყვეტილება აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.
- გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
- გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.
პატიმრების შეწყალების პირობით, აშშ-მ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.