ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბნებთან კოორდინატორების თავშეყრა, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა - TI-ს განცხადება
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ზეწოლა ამომრჩეველზე, უბნებთან კოორდინატორების მობილიზება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
11.11 - ბათუმის 79-ე ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი უბანზე მოსული ამომრჩევლებისგან მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ამ ფაქტს სავარაუდოდ აფიქსირებს მის გვერდით მდგომი ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რეაგირებას არ ახდენს არც კომისიის თავმჯდომარე.
10:46 - ბათუმის 79-ე ოლქის #12 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ერთ-ერთ დამკვირვებელს კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელებს და გვარებს. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ეს პროცესი გააჩერა.
10:30 - ჩხოროწყუს 69-ე ოლქის #15 უბანზე, 10 ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.
10:25 - თელავის მე-17 ოლქის #44 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ერთ-ერთ დამკვირვებელს აწვდიდა მოსული ამომრჩევლების სახელებს და გვარებს, დამკვირვებელი კი მათ ვინაობას ინიშნავდა. პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების ამ ფაქტზე ჩვენი დამკვირვებლის, ზვიად ქორიძის, მითითების შემდგომ, ნაკადის მომწესრიგებელმა შეწყვიტა აღნიშნული ქმედება.
10:15 - ზუგდიდში, 67-ე ოლქში, უბნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრირებული “მწვანე დედამიწისა” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები ერთზე მეტი დამკვირვებლით იყვნენ წარმოდგენილნი. ჩვენი მობილური ჯგუფის შენიშვნის შემდეგ, ზედმეტ დამკვირვებლებს უბნის გარეთ უშვებდნენ.
10:12 - თელავის მე-17 ოლქის #18 უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ერთ-ერთ დამკვირვებელს აწვდიდა მოსული ამომრჩევლების სახელებს და გვარებს, დამკვირვებელი კი მათ ვინაობას ინიშნავდა. პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების ამ ფაქტზე ჩვენი მითითების შემდგომ, თავმჯდომარემ ნაკადის მომწესრიგებელს შენიშვნა მისცა და ახსნა-განმარტება დააწერინა.
10:10 - ზუგდიდის 67-ე ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.
09:59 - რუსთავის მე-20 ოლქის #66 უბანზე დროებით რეგისტრატორად გაამწესეს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას, იწერს მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომრებს. დავწერეთ საჩივარი.
09:30 - ფოთის 25-ე ოლქის #70 უბანზე პირადობის მოწმობის არმქონე ამომრჩეველი შეუშვეს უბანზე, რეგისტრატორმა მას მარკირებაც გაუკეთა. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველს დაატოვებინეს უბანი. მოვითხოვეთ ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა.- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.