გენერალური პროკურორობიდან მკვლელობის შესაძლო დამკვეთამდე - ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება

30.12.25 20:01
გენერალური პროკურორობიდან მკვლელობის შესაძლო დამკვეთამდე - ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება

სპეციალური მისიით მოსკოვიდან საქართველოს პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად რუსეთის ორი მოქალაქე ჩამოვიდა. ცნობილია, რომ ორივე ბიზნესმენი იყო და ორივემ იცოდა, რა კონფლიქტი არსებობდა ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის.

მათი ჩვენებების მიხედვით, მათ ლევან ჯანგველაძისგან შეიტყვეს, რომ ფარცხალაძესთან დაპირისპირება ჰქონდა და შესაძლო თავდასხმასაც ელოდა.

ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში იმყოფება. მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სტრუქტურებთან კავშირში მყოფი პირი რუსეთში დააკავონ და გაასამართლონ.

თბილისის სასამართლომ ფარცხალაძეს დღეს პატიმრობა შეუფარდა. ის სასამართლო პროცესებში დისტანციურად მონაწილეობას არ აპირებს და არც ჩვენების მიცემას გეგმავს.

ოთარ ფარცხალაძე წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლებოდა. ჩნდება კითხვა - რატომ დისტანცირდა ივანიშვილი მისგან?

ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილმა არ ისურვა პასუხისმგებლობის აღება „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობის ხელის დაფარებაზე და ამით აჩვენა, რომ თბილისში ლევან ჯანგველაძის მკვლელობა მისთან შეთანხმებით არ მომხდარა.

თუმცა სხვა კითხვა კვლავ ღიად რჩება: თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ფარცხალაძის ჯგუფს ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტისა და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა - ვინ იყო ინფორმატორი?

ასეთი ინფორმაცია მხოლოდ ორ უწყებას შეიძლება ჰქონდეს -
სასაზღვრო პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურს (სუსს), ხოლო საბოლოოდ ზედამხედველობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.