პუტინის ახალი კანონი - მიიღებენ თუ არა საქართველოში რუსული აგრესიით დაზარალებულები კომპენსაციას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოსკოვს უფლებას აძლევს საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების, ასევე ტრიბუნალების გადაწყვეტილებები არ შეასრულოს.
ახალი კანონის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია არც ჰააგის და არც სტრასბურგის გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილება. შესაბამისად, მოსკოვი იხსნის პასუხისმგებლობას კომპენსაციები გადაუხადოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სახლ-კარი რუსული აგრესიის გამო დაკარგეს.
"ევროპულ-ქართული" ინსტიტუტის დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის მიღება რუსული გაყინული აქტივებიდან შეიძლება, თუმცა ამისთვის საჭიროა აქტიური კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან და საქართველოს მხრიდან პოლიტიკური ნება.
როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ სერიოზული ბერკეტები, რომ გამოიყენონ რუსეთის გაყინული აქტივები, როგორც უკრაინის დასახმარებლად, ასევე საქართველოსთან მიმართებით არსებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. არსებობს ეს გაყინული აქტივები, არსებობას მათგან მომავალი შემოსავალი და შესაძლებელია ევროპელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციის დამყარება, რომ ამ შესაძლო შემოსავლის გადაცემა მოხდეს საქართველოში დაზარალებული ადამიანებისთვის. ჩემი აზრით, ეს სრულიად სამართლიანია, სამართლებრივად დასაბუთებადია და ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პოლიტიკური ნება საქართველოს მხრიდან და ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების," - თქვა გიორგი მელაშვილმა.
"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი, გიორგი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ ნორმალური ხელისფლების პირობებში ამ საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გაგრძელდებოდა.
რუსეთი დიდი ხანია გასულია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებიდან და ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ის არ შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. მე ვფიქრობ, რომ ნორმალური ხელისფლების პირობებში ამ საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გაგრძელდებოდა და საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხომ იცით სამართალი ურმით დადის და ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში აუცილებლად მოუწევს რუსეთს პასუხისგება იმ კონკრეტული ადამიანების წინაშე, რომლებიც დაზარალდნენ აგვისტოს ომში," - ამბობს გიორგი შაიშმელაშილი.
"ხალხის ძალის" წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მთავარია საქართველოს სტრასბურგში აღნიშნული დავა მოიგო და მეორე ხარისხოვანია თანხების დაბრუნება, არ დაბრუნების საკითხი.
თქვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან ეს თანხა მივიღოთ, თუ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ამ ფულზე დავა და ამ ფულზე ზედმეტი მოლოდინების შექმნა რამდენად გამართლებულია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არღვევს თითქმის ყველა საერთაშორისო შეთანხმებას. მთავარი არის ის, რომ საქართველოს სტრასბურგის ეს სასამართლო მოიგო, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ჩემი აზრით, ეს თანხების დაბრუნება, არ დაბრუნების საკითხი არის მეორე ხარისხოვანი. თუ დააბრუნა, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ დააბრუნა ამ ფაქტზე ტრაგედიის შექმნა და ამით სპეკულირება, მე ვფიქრობ, აზრს მოკლებულია," - ამბობს ეკა სეფაშვილი.