მურთაზ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ - ევა შაშიაშვილი
პატიმრობიდან გათავისუფლებული ევა შაშიაშვილი მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. როგორც რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, მას მურთაზ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძლებდნენ. აიძულებდნენ ეთქვა, რომ 4 ოქტომბერს ამ ადამაინებთან ჰქონდა მიმოწერა და გარკვეული გასამსჯელოც მიიღო, რაც მისი თქმით, ტყუილია.
პროევროპული აქციების მონაწილე ამბობს მხოლოდ იმას, რომ მან 4 ოქტომბერს გარკვეული ნივთის სროლა აღიარა, სხვა არაფერზე მოუწერია ხელი.
ერთადერთი ვაღიარე ნივთის სროლა, მეტი არაფერი. იყო ძალადობები, რაღაცები უნდოდათ მეთქვა, მაგალითად პირადი მიმოწერა მურთაზ ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან, რაც სისულელეა. იქ, ორბელიანის სასახლესთან მთელი საქართველო იყო. შესაძლოა, კიდევაც წავიდე"- ამბობს შაშიაშვილი.
რაც შეეხება მისი გათავისუფლების გაჭიანურების საკითხს, სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გაიწელა ამ დრომდე ეს პროცესი.
როგორც შაშიაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირდაპირ შვილთან, კლინიკაში მიდის, რომ წამოიყვანს და ახალ წელს მასთან ერთად შეხვდეს.
ჩემგან აღიარება იყო მხოლოდ ერთხელ - მაშინ როცა საპროცესო დაიწერა.
ჩემს შვილს უჩემოდ ძალიან უჭირს. პირველ რიგში მასთან მივდივარ, უნდა წამოვიყვანო სახლში. მადლობა ყველას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ციხეში ზის, ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და იმედს", - განაცხადა შაშაიშვილმა.
ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.სხდომას ევა შაშიაშვილი დისტანციურად ჩაერთო.
შაშიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე