რით დაგვამახსოვრდა 2025 წელი?
2025 წლის პირველი მოლოდინი პირველი იმედგაცრუებით დაიწყო. "ქართულ ოცნებას" ოცნება ახალმა წელმა ვერ აუხდინა. ამის შემდეგ მთელი წელი პროტესტს ებრძვის.
დონალდ ტრამპზე დადებულმა ფსონმაც ვერ გაამართლა. ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ქართველი ოლიგარქისთვის კი არაფერი იცვლება. ინაუგურაციაზე ვერავინ მიდის. კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილია.
წელი ისე სრულდება, ივანიშვილის ამერიკული სანქციები ისევ ძალაშია. "ოცნებას" საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა უწევს.
ამერიკასთან ვერ ალაგებს, პროტესტს ვერ აჩერებს, კრიზისის აღიარება კი არ უნდა.
ივანიშვილი მმართველობის 13 წლის თავზე მისივე სიტყვებს ივიწყებს; ქვეყანაში სინდისის პატიმრები ჩნდებიან. პროტესტთან ერთად მათი რაოდენობაც მატულობს.
მოძალადეებს შორის კი არავინ ისჯება. პირიქით. ძალადობის გამო დასანქცირებულები ჯილდოვდებიან.
ივანიშვილის პარლამენტში კანონებს ამკაცრებენ. წინააღმდეგობის ყველა კერა "ოცნების" სამიზნე ხდება.
და თუ პარტიას დასჭირდა - სტანდარტებს მათ გარდა ვერავინ ადგენს. როცა BBC-იმ "ოცნება" ამხილა, საკუთარი სიტყვები ყველას დაავიწყდა.
დაიწყეს ბრძოლა საკუთარ რიგებშიც. ჯერ საჯარო სამსახურები გაწმინდეს. ყველა მოხელეს, ვინც აქციაზე ოცნების ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებდა, ხელშეკრულებები შეუწყვიტეს.
საგარეო ველზე ისევ არაფერი იცვლება. კობახიძე დადის უზბეკეთში, თურქმენეთში, ჩინეთში, სამეზობლოში. წერილებს წერს ტრამპს და პასუხს ვერ იღებს. ევროპისგან იზოლაციას "დიფ სთეითს" აბრალებს- ყოველ წამიერ გასაუბრებას კი საგარეო პოლიტიკის გამარჯვებად.
წლის ბოლოს იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. სასამართლო პროცესები დახურულია, გაშუქება შეზღუდული. პროტესტი ტროტუარზეც კი კონტროლირებადი გახდა, მაგრამ ის მაინც არსებობს. ქვეყანას მართავს მთავრობა, რომლის პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, უსაფრთხოების უფროსი ბიუჯეტიდან ფულს იპარავდნენ, პასუხისმგებლობის აღება კი არავის უნდა. მთავარი პერსონა ისევ ჩრდილშია. წელს მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.