დღეიდან ოქროს ზოდების შემოტანაზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა

01.01.26 19:00
დღეიდან ოქროს ზოდების შემოტანაზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა

დღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც ოქროს ზოდების საქართველოში შემოტანაზე დღგ-ის (დამატებითი ღირებულების) გადასახადი მოიხსნა. დღგ საქართველოში 18%-ია. 

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 12 ნოემბერს დაამტკიცა, ხოლო „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 14 ნოემბერს მოაწერა. 

  • მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, რა თავისუფლდება დღგ-ის გადასახადისგან, დაემატა უ1 ქვეპუნქტი - საინვესტიციო ოქროს იმპორტი. 
  • ამავე კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა, რა არის საინვესტიციო ოქრო: „არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა“. 

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი 17 დეკემბერს „TV პირველთან“ საუბრის დროს აცხადებდა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომლებსაც ოქროს ზოდების შემოტანის რესურსი აქვთ. ამიტომ ის ამ საკანონმდებლო ცვლილებას ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირებდა.