დიქტატორების ბედი ყოველთვის ცუდად სრულდება - დეკანოიძე მადუროს დაკავებაზე

04.01.26 17:30
დიქტატორების ბედი ყოველთვის ცუდად სრულდება - დეკანოიძე მადუროს დაკავებაზე

რუსეთის თითქმის ყველა მოკავშირემ მადუროს მსგავსად დაასრულა, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყველა ავტოკრატი და დიქტატორი ბოლოს ცუდად ასრულებს, გამარჯვება კი ყოველთვის ხალხის მხარესაა. 

რუსეთის ყველა მოკავშირემ დაასრულა ასე, იშვიათი გამონაკლისების გარდა ალბათ და გახსოვთ, როდესაც მადურომ პუტინს სთხოვა დახმარება, მან ვაგნერის ნარჩენები რომ გაუგზავნა. უნდა გვესმოდეს, რომ იზოლაცია, რომელსაც დიქტატორები და ავტოკრატები თავის საკუთარ ხალხს და ქვეყანას უკეთებენ და უმზადებენ - ხალხის გაღარიბება, რაც მადურომ ქნა, დიდი ემიგრაცია, ამიტომ ასეთი დიქტატორების ბედი ყოველთვის სრულდება ძალიან ცუდად თვითონ დიქტატორებისთვის და გამარჯვება ყოველთვის სრულდება ხალხის ჩართულობით და ხალხის ნების აღსრულებით, - ამბობს დეკანოიძე.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ვენესუელაში ოპერაციისას საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანეიტრალებლად 150-ზე მეტი თვითმფრინავი გამოიყენა, რის შემდეგაც სპეციალურმა დანაყოფებმა ღამით შეუტიეს ნიკოლას მადუროს რეზიდენციას. მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და რამდენიმე საათში ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკობიზნესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხისგება ელოდება.

ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელის „დროებით მართვას“ გააგრძელებს, სანამ არ მოხდება „უსაფრთხო და გონივრული“ ძალაუფლების გადაბარება, რაც სამხედრო ჩართულობის გაგრძელების შესაძლებლობას ნიშნავს.