ქიმიური იარაღის სკანდალი - რატომ არ უჩივლა "ოცნებამ" BBC-ის (შეფასებები)

05.01.26 13:47
ქიმიური იარაღის სკანდალი - რატომ არ უჩივლა "ოცნებამ" BBC-ის (შეფასებები)

ქიმიური იარაღის სკანდალი - ოპოზიცია იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, შესაძლოა, "ოცნებამ" BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაიფიქრა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ თუკი "ოცნება" საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, მაშინ მარტივად შეეძლო, ბრიტანული მედიასაშუალებისთვის ეჩივლა, თუმცა, როგორც ჩანს, მას რაღაც მაინც აქვს დასამალი.

ოპოზიციონერის თქმით, ახლა ივანიშვილის გუნდის ცდილობს, ეს თემა სხვა, მოსახლეობისთვის აქტუალური თემებით გადაფაროს, თუმცა ეს არ გამოუვა.

ის 5 დღეც, რომელსაც გამოძიება დაარქვეს, სინამდვილეში, იყო დანაშაულის დაფარვის გამოძიება. ჩვენ, როგორც იცით, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ნდობა არ არსებობს "ოცნების" სტრუქტურების მიმართ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ამისთვის "ქართულ ოცნებას" ძალიან მარტივად შეეძლო, თავად მოეწვია საერთაშორისო გამოძიება თუ თვლის, რომ მართალია. მათ შორის, როგორც განაცხადა, ეჩივლა BBC-თვის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და თვითონ ყოფილიყო მთავარი აქტორი, რომელიც იტყოდა, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს საზოგადოებას, დასამალი არაფერი გვაქვს, მაგრამ ვინაიდან "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თემა დამალოს, აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვას და კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის სიტუაციას ქიმიური  მოწამვლის მიმართ. "ქართული ოცნების" მცდელობა, რაღაც ფასებით გადაფაროს და საგამოძიებო კომისია დაიწყოს, სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ეს თემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემაზე გადაიტანონ. "ოცნებას" არ გამოუვა არ გამოუვა, დამალოს და მიჩქმალოს ამბავი, რომელიც მათი დასასრულის დასაწყისი გახდება აუცილებლად, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

ის, რომ სურვილის შემთხვევაში, "ოცნება" საივარს აქამდეც მარტივად შეიტანდა, ეჭვი არ ეპარება ენმ-ს წევრს, ხატია დეკანოიძესაც. მისი თქმით, სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდს სიმართლის გამჟღავნების ეშინია. 

განუსაზღვრელი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ეს სარჩელი გაემზადებინათ და შეეტანათ. ხომ ამბობდნენ, რომ მარეგულირებელში უჩივლებს, ვთქვათ, ბრიტანეთში ან სხვადასხვა სასამართლოში? ამიტომ, რა თქმა უნდა, არც კი გაუგრძელებიათ ეს ისტორია, არც კი უთქვამთ, რატომ აღარ უჩივიან, პროპაგანდისტულადაც არაფერს ამბობენ, რაც აჩენს იმ ეჭვს, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომ მტკიცებულებები, რომელიც აქვს BBC-ის, შეიძლება, ნაწილი გამოქვეყნებულია, ნაწილი - არა, ეს მტკიცებულებები მათაც იციან, რომ არსებობს და ამიტომ იკავებენ თავს. ყოველ შემთხვევაში, ამხელა რესურსის ფონზე, მათ შეეძლოთ, ეჩივლათ ნებისმიერ მომენტში. თუ არ ეშინიათ, მაშინ მოეწვიათ ექსპერტები, გაეროს ექსპერტები. სრულიად შესაძლებელია ეს, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.