კობახიძე მადუროს შეპყრობას არ გამოხმაურებია

06.01.26 13:22
კობახიძე მადუროს შეპყრობას არ გამოხმაურებია

სამი დღე გავიდა რაც კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.

ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 დღის წინ გამოეხმაურა და X-ზე დაწერა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს, რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.

  • „იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, - ვკითხულობთ საგარეო უწყების გამოხმაურებაში.

კარაკასში ჩატარებულ  სპეცოპერაციას სოციალუ ქსელში აფასებს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე. 

შალვა პაპუაშვილი არ ახსენებს აშშ-ს, თუმცა აკრიტიკებს ევროკავშირს. 

  • "ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება..."- წერს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.

გუშინ კი სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.