ოპოზიცია შალვა პაპუაშვილის ევროკავშირზე თავდასხმას პასუხობს
ოპოზიციის წარმომადგენლები შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანებიან და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" აშშ-ის ადმინისტრაციაზე რამის თქმას "ვერ ბედავს" და მორიგ ჯერზე თავს ესხმის ევროკავშირს, რომელსაც კარაკასში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.
- "ოცნების" პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ვენესუელაში ჩატარებულმა "რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ" დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს - "როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა".
დღეს ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ ავტოკრატიულ ლიდერებს, რომლებიც არ არიან არჩეული ხალხის მიერ, მუდამ უწვეთ შიშის ქვეშ ცხოვრება. რეალურად ისინი ვერ ბედავენ, რომ რამე თქვან აშშ-ის ადმინისტრაციაზე და მორიგ ჯერზე თავს ესხმიან ევროკავშირს, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია ამერიკის მიერ ჩატარებულს სპეცოპერაციასთან. ვენესუელა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და გაუგებარი ბოდვაა ევროკავშირის მოხსენიება ამ კონტექსტში.
რეალობა კი ის არის და ყველაზე შემაშფოთებელი საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ჩვენ ამ ძალიან ტურბულენტურ საერთაშორისო ვითარებაში ვართ დარჩენილი მოკავშირეების, მეგობრების გარეშე და სიძლიერე სწორედ ამით განისაზღვრება, რამდენად ძლიერი მოკავშირეები გყავს და ასეთი სუსტი, როგორიც დღეს არის საქართველო, ჩვენ არ ვყოფილვართ 90-იანი წლების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად და რუსეთის მოთხოვნით," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრის, ნიკა ფარულავას განცხადებით, პაპუაშვილის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ ის ირიბად მხარს უჭერს "იმ ბანაკს, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილი, მადურო, ლუკაშენკო, კადიროვი და მსგავსი ტიპის მმართველები".
აქ ცხადად გამოიკვეთა ერთი რამ, რომ ისინი ირიბად მხარს უჭერენ ამ ადამიანს [მადუროს], რომელიც არის რეალურად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტერი, საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილე და ერთ-ერთი მთავარი პირი და ცივილური სამყაროს პირდაპირი მტერი. აქ მნიშვნელოვანი რაც არის, ისინი ვერ ასახელებენ ვერც აშშ-ს, ვერც იმას, რომ სინამდვილეში მსგავსი ტიპის ამბები არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ დემოკრატია გაძლიერდეს და ა.შ.
უბრალოდ, რა შუაშია ევროკავშირი მათი ე.წ. უუნარობა. სინამდვილეში ეს მიუთითებს ერთ რამეზე, ისინი ირიბად მხარს უჭერენ იმ ბანაკს, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილი, მადურო, ლუკაშენკო, კადიროვი, მსგავსი ტიპის მმართველები. ისინი წუხან იმის გამო, რომ მადურომ, მიუხედავად იმისა, რომ ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტერი, მან დაკარგა ძალაუფლება, რადგან ეს არის ცუდი პრეცედენტი მათთვის.
როდესაც საუბარია რაღაც საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე, არ არსებობს ერთი შემთხვევაც კი, ერთი ფაქტიც კი, როდესაც "ქართული ოცნება" გამოსულიყოს და ეთქვას რუსეთის მიერ ისევე წესრიგის და საერთაშორისო სამართლის დარღვევის შესახებ," - ამბობს ნიკა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.
გუშინ კი სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.
მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.