გაითვალისწინებს თუ არა "ოცნება" ვენეციის კომისიის ახალ დასკვნას - რას ფიქრობენ ოპოზიციაში
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ვენეციის კომისიის ახალი სამართლებრივი დასკვნა "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული იქნება და საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილის გუნდს საკანონმდებლო ცვლილების გაუქმებას მოსთხოვენ.
- ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს.
- ვენეციის კომისიის ახალი სამართლებრივი დასკვნა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლში ბოლოდროინდელ ცვლილებებს შეეხება.
- დასკვნის მომზადების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წლის მარტი.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, "ქართული ოცნება" ვენეციის ახალ დასკვნას არც ამ ჯერზე გაითვალისწინებს. მათი თქმით, პარტიების აკრძალვის პროცესის შეფერხება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმზე ზლიერ ზეწოლას შეუძლია.
ვენეციის კომისია მისცემს ძალიან უარყოფით დასკვნას ამ საკანონმდებლო ინიციატივას ისევე, როგორც ყველა სხვა ავტოკრატიის გამყარებისკენ გადადგმულ სამართლებრივ ნაბიჯს, რომელიც გასული 18 თვის მანძილზე გადაიდგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შემდეგი დავალება არის, რომ საქართველომ უკვე ფორმალურადაც დატოვოს ევროსაბჭოს შემადგენლობა და ამიტომ "ქართული ოცნება" არ ვფიქრობ, რომ ყურად იღებს ვენეციის კომისიის, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებას ამასთან დაკავშირებით.
მე მიმაჩნია, რომ პარტიების აკრძალვის პროცესის შეფერხება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერ ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, ისეთ ზეწოლას, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს "ქართული ოცნების" რეჟიმის ფინანსურ ინტერესებზე და არანაირ სხვა ზეწოლის მექანიზმებს ეს რეჟიმი არ ექვემდებარება," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, თუმცა ის აუცილებლად დააზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე "ოცნებას.
კომისიის რეკომენდაციებს ცხადია "ქართული ოცნება" ვერ გაითვალისწინებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არასდროს არ ითვალისწინებენ საერთაშორისო პარტნიორების და სასამართლოების დასკვნებს და რეკომენდაციებს იმიტომ, რომ მათი ამოცანა არ არის საერთაშორისო წესრიგის თანამონაწილეები იყვნენ, დემოკრატია იყოს ქვეყანაში. თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებლად დააზიანებს "ქართულ ოცნებას" , როგორც ქვეყნის გარეთ და პოტენციურად სანქციების დაწესების პროცედურაში, ასევე ქვეყნის შიგნით," - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ "როდესაც პარტიების გაუქმება "ოცნების" პოლიტიკური ამოცანაა და რეჟიმის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა, ივანიშვილის პარლამენტის მიერ კომისიის დასკვნა არ იქნება გათვალისწინებული.
ივანიშვილის რეჟიმს არაერთხელ განუცხადებია უარი ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებაზე, როგორც მისაღებ, ასევე უკვე მიღებულ კანონზე, შესაბამისად მაშინ, როდესაც პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური ამოცანაა და რეჟიმის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა, მე არ ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ბუნებრივია დაგმობს აღნიშნულ კანონს, იქნება გათვალისწინებული ივანიშვილის პარლამენტის მიერ და ეს არის ის გზა, რომელიც უკვე აქამდე ჩვენ არაერთხელ ვნახეთ რეჟიმის შესანარჩუნებლად," - თქვა თეონა აქუბარდიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკოლას მადუროს მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ "რაც უფრო იზოლირებულია დიქტატურა, ავტოკრატია და ქვეყანა, მით უფრო ტრაგიკულად მთავრდება ავტოკრატების ბედი".
პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ დამოკიდებულება საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ, ეს არის უვიზო რეჟიმის შეჩერების ის მექანიზმი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო აქტიურად ამოქმედდეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ძალადობის პროქსების კონკრეტული სანქციები, ფინანსური სანქციები და მიმოსვლის შეზღუდვა. ამიტომ, ზოგადად ჩვენ მაგალითად მადუროს მაგალითმა გვაჩვენა, რომ რაც უფრო იზოლირებულია დიქტატურა, ავტოკრატია და ქვეყანა, მით უფრო ტრაგიკულად მთავრდება ავტოკრატების ბედი," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, ქართულ ოცნება შემდეგი პარტიების აკრძალვას ითხოვს:
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
- პარტია "ახალი";
- "ძლიერი საქართველო - ლელო".