რას შეცვლის ვენეციის კომისიის დასკვნა "ქართლი ოცნების " გეგმებში - შეფასება

06.01.26 17:19
რას შეცვლის ვენეციის კომისიის დასკვნა "ქართლი ოცნების " გეგმებში -  შეფასება

იურისტები ვენეციის კომისიის ახალ სამართლებრივ დასკვნას ეხმაურებიან, რომელიც მიმდინარე წლის მარტისთვის უნდა მომზადდეს და აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის სამართალწარმოების დროს თავიანთი პოზიციების გამყარებისთვის დამატებითი მტკიცებულება იქნება. 

  • ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს.
  • ვენეციის კომისიის ახალი სამართლებრივი დასკვნა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლში ბოლოდროინდელ ცვლილებებს შეეხება. 
  • დასკვნის მომზადების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წლის მარტი.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, იურისტი და საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული ახალი დასკვნა სამომავლოდ კანონის არაკონსტიტუციურობის, ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიის პრინციპთან შეუთავსებლობის სამტკიცებლად "კარგი საშუალება იქნება". 

თითქმის 3 წელია "ქართულ ოცნებას" არცერთი კანონი აღარ გაუგზავნია შესამოწმებლად ვენეციის კომისიაში. მაშინ, როცა თვითონ ევროსაბჭო ახდენს ამ საკითხის გადაგზავნას, მიანიშნებს ამ საკითხის მნიშვნელობას, მის საერთაშორისო განზომილებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას განსაზღვრული აქვს, რომ მარტისთვის მოამზადებს ამ დასკვნას, რაც შემდგომ იქნება კარგი საშუალება საერთაშორისო სამართლაწარმოებებში და საერთაშორისო შეფასებებში ამ ე.წ. კანონის არაკონსტიტუციურობის, ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიის პრინციპთან შეუთავსებლობის სამტკიცებლად," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაიას განმარტებით, "ქართული ოცნების" ამ კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს დაემატა ახალი ტიპის უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც პარტიის გაუქმება, არ გაუქმებისას მსჯელობისას სასამართლომ შეიზლება ასევე განიხილოს "ამ პარტიის წევრების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის საერთოდ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა".

მისი თქმით, ბუნდოვანია ჩანაწერი, რომელიც გვეუბნება თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს პარტიასთან დაკავშირებულ პირად. 

ამ კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს დაემატა ახალი ტიპის უფლებამოსილება, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, ანუ პარტიის გაუქმება, არ გაუქმების საკითხის მსჯელობისას მან შეიძლება ასევე იმსჯელოს ამ პარტიის წევრების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის საერთოდ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე. ბუნდოვანია ჩანაწერი, რომელიც გვეუბნება თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს პარტიასთან დაკავშირებულ პირად, მათთვის საერთოდ მომავალშიც პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საკითხი. ძალიან მაღალი სტანდარტი არსებობს დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეწყვეტისთვის და ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს სახელმწიფო, როდესაც იღებს კონკრეტული პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ჩემი მოსაზრებით, ვენეციის კომისიის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, იქნება კრიტიკული შეფასება," - ამბობს კოტე ჩოკორაია. 

ცნობისთვის, ქართულ ოცნება შემდეგი პარტიების აკრძალვას ითხოვს:

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
  • პარტია "ახალი";
  • "ძლიერი საქართველო - ლელო".