სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე "ოცნებაში" კომენტარი გაკეთდა

07.01.26 15:28
სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე "ოცნებაში" კომენტარი გაკეთდა

სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხზე, "ქართული ოცნების" ლიდერები კომენტარს აკეთებენ. 

გია ვოლსკი ამბობს, რომ "შეწყალება აუცილებელია", თუმცა "საჭიროა მონანიებაც". 

მოწყალება არის აუცილებელი და საჭირო, ისევე, როგორც მონანიება, ისევე, როგორც სიღმისეული ანალიზი ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და იმ რეალობისა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. როდესაც სტაბილურობა გაჩნდა რეგიონში და მთელი ძალებით ამ სტაბილურობის კერას უტევენ. არ შეიძლება, ამაში ჩაერთო, არ გაანალიზო, ვის სჭირდება ეს და მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ მოწყალება სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისა, - ამბობს ვოლსკი.

"პირველების" კითხვაზე, გულისხმობს თუ არა "მონანიებაში" სინდისის პატიმრებს, ვოლსკიმ არ უპასუხა.  

არ მინდა მე ასეთი კონკრეტული საუბარი. კანონს დააპირისპირეს და ახლა სხვისგან ითხოვენ პასუხისმგებლობას", - ამბობს ვოლსკი. 

მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მორიგ შეწყალების აქტს ხელს ნათლისღების დღესასწაულზე მოაწერს. საშობაო ლიტურგიიდან გამოსული ყაველაშვილი არ აკონკრეტებს იქნებიან თუ არა მათ შორის სინდისის პატიმრები. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ სამჯერ მიმართა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, მათ შორის საპატრიარქო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, „არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა“.

გუშინ, კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა კი თქვა: "რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია…"