"ის დაუწუნა EU-ს, რასაც თავად წლების მანძილზე არღვევდა" - ოპოზიცია პაპუაშვილის განცხადებაზე

07.01.26 18:25
"ის დაუწუნა EU-ს, რასაც თავად წლების მანძილზე არღვევდა" - ოპოზიცია პაპუაშვილის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღეს გაკეთებული განცხადებები ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ივანიშვილის პარტია დიქტატორების მხარეს დგას.

  • "დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა", - უთხრა პაპუაშვილმა მედიას.
  • პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოში "მავნე პრაქტიკით არის დაკავებული, რაც არის ხალხის დაპირისპირება, ზიზღის შემოტანა, ძალადობა".

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირს იმას უწუნებს, რასაც თავად პაპუაშვილი წლების მანძილზე არღვევდა.

ეს არის უარის თქმა დასავლურ ინტეგრაციაზე, სინამდვილეში ეს არის მარტო დარჩენა რუსეთთან და რუსეთში ინტეგრაცია, გარუსების პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" ყიდის კონსერვატიზმად, ყიდის მშვიდობად და ამის გამოსხივება იყო იმ განცხადებაში, რაც პაპუაშვილმა გააკეთა. პირდაპირ არ უსაუბრია ტრამპზე, მაგრამ ისაუბრა დასავლეთზე, ევროკავშირზე, რომელმაც თითქოს უარყო საერთაშორისო სამართალი, რომელსაც "ქართული ოცნება" ყოველდღიურად არღვევს, ის დაუწუნა ევროკავშირს, რასაც თავად პაპუაშვილი წლების მანძილზე არღვევდა," - თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით კარაკასში აშშ-ის სპეცოპერაციისა და ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ იქ ახალი პოლიტიკური რეჟიმი შეიქმნება, საქართველოს უმთავრესი ინტერესი არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება უნდა იყოს. 

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ "ჩვენ ახალ ალიანსებს ვქმნიდეთ და ძალიან მჭიდრო კავშირებს ვამყარებდეთ, რეჟიმი არსებულსაც ანადგურებს". 

დავალება, რომელიც ამ რეჟიმს აქვს არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი თემის და ნებისმიერი მოვლენის კონტექსტში სამიზნე ჰქონდეთ ევროპული კავშირი, დაესხან თავს მას და გამოიყენონ ყველა რუსული დემაგოგიური ხრიკი ევროპული კავშირის იდეის გასანადგურებლად, მოსასპობად და დასამცობად ქართველი ხალხის თვალში. 

ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პოზიცია უნდ აიყოს ის, რომ ვენესუელას ახალმა, პოტენციურმა რეჟიმმა, თუკი ასეთი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით იქნება თუ არა ახალი რეჟიმი და როდის იქნება ის, ჩვენ არ ვიცით რა კურსს შეიძენს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ თუ იქნება ახალი პოლიტიკური რეჟიმი, რა თქმა უნდა, საქართველოს უმთავრესი ინტერესი უნდა იყოს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაწვევა. ეს არის მთავარი, ქართულ-ეროვნული ინტერესი. 

მეორე მხრივ, გლობალურ კონტექსტში ცხადია ჩვენი სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ ამ ახალ, ძალიან სწრაფად განვითარებად სიტუაციაში სწორად ნავიგაციას ეწეოდეს, რასაც ასევე ეს რეჟიმი არ შვრება. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ჩვენ ახალ ალიანსებს ვქმნიდეთ და ძალიან მჭიდრო კავშირებს ვამყარებდეთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი ანადგურებს ყველა არსებულ ალიანსს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.