ვენესუელაში ამერიკის ჩატარებული სპეცოპერაცია - პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს

07.01.26 20:16
ვენესუელაში ამერიკის ჩატარებული სპეცოპერაცია - პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს

ნიკოლას მადუროს დაკავებამ მსოფლიო დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, შალვა პაპუაშვილის სტილი კი არ იცვლება. ამერიკის მიერ ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე მაინც ევროკავშირს აკრიტიკებს. ბრიუსელს საყვედურობს პროცესში არმონაწილეობის გამო და ამბობს, რომ ტრამპის სპეცოპერაციმ ევროკავშირის უნიათობა კიდევ ერთხელ აჩვენა. 

ევროკავშირის კრიტიკა პაპუაშვილისგან გასაკვირი არაა. ბრიუსელის რეაქციას კრიტიკოსები ისედაც ჰყავს, თუმცა საგულისხმო ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ შემთხვევაშიც პირველი ევროპელები ახსენდება. სპეცოპერაციაში, რომელშიც ევროკავშირი ჩართული არ ყოფილა, მაინც მათ გასალანძღად იცლის. არ სურს თქვას რას ფიქრობს ტრამპზე, მადუროს დაკავებაზე და რას ნიშნავს ახალი რეალობა საქართველოსთვის. პაპუაშვილს რომ ვკითხოთ, შეფასება ჩვენნაირი ქვეყნისგან საჭიროც არ არის.  მან დღეს ვერ მოითმინა და ვენესუელას დიქტატორი მიხეილ სააკაშვილს შეადარა. 

"ოცნება" ამერიკის კრიტიკას ერიდება, აქვს თუ არა გზავნილი შტატებს მისთვის - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს წერილი გამოაქვეყნა. ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შტატები არ დაუშვებს არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა რომელზეც გავლენა ექნება ირანს და ჰეზბოლას. არის თუ არა ქართული ოცნება ამ გზავნილის ერთ-ერთი ადრესატი. არადა ოპოზიციაში ამბობენ, რომ გზავნილი სწორედ ამ სიგნალს შეიცავს. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.