შეხვდება თუ არა გენერალური პროკურორი თბილისში მოკლული პედაგოგის დედას?
შეხვდება თუ არა გენერალური პროკურორი თბილისში მოკლული პედაგოგის დედას? - ეკა კუპატაძე მხოლოდ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას ითხოვს.
გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე საათში უნდა მიღოს. პარალელურად ცნობილია, რომ უწყებასთან გიგა ავალიანი ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას 16:00 საათზე გამართავენ.
ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები, პასუხისგებაში მიეცეს.
ცნობისთვის, 7 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო განცვხადება გაავრცელა და მოკლულის დედას შეხვედრა შესთავაზა.
განცხადებში, რომელიც ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, უწყება მზაობას გამოთქვამს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.
განცხადებას ეკა კუპატაძემ მალევე უპასუხა და თქვა, რომ ის მხოლოდ გიორგი გვარაკიძეს შეხვდება. მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას აფრთხილებს, რომ ვიდრე ყველა დაკავებული საბრალდებო სკამზე შესაბამისი მუხლით არ აღმოჩნდება, ის არ გაჩერდება.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.