"ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე" - ირაკლი ნადირაძის მიმართვა სასამართლოდან
სასახლის ღობის საქმეზე, "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.
მისი განცხადებით, სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ვიდეო-მტკიცებულებაში, ის ამბობს, რომ არავითარი გეგმა არ არსებობდა 4 ოქტომბერს.
ირაკლი ნადირაძემ სასამართლო დარბაზიდან ხალხს მიმართა და მოუწოდა არ შეეშინდეთ - "ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე".
ვიდეოები ვნახეთ ახლა, ჩემო ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვსაუბრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი ძალიან ცდილობს-თქო რაიმე სახის გეგმა იპოვოს, არავითარი გეგმა არ არსებობს.
პროპაგანდა ეშლებათ, თავადაც იციან, რომ წარმოუდგენელია ვიღაცა დააჯერო, რომ ფულის გარეშე, იარაღის გარეშე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გარეშე, მოძალადე ჯგუფის გარეშე რომ ამხელა დიქტატორული რეჟიმი ემხობოდა, ამიტომ სუს-ი მუდმივად ცდილობდა, რომ შეეფუთა, პროპაგანდა თავზე მოეხვია ადამიანებისთვის, მაგრამ ვერ შეფუთეს და ახლა დამატებით ახალ-ახალი რაღაცები შემოაქვთ, რომ იქნება თავის ამომრჩევლებს მაინც დააჯერონ, რომ რაღაცა ძალადობრივი იყო აქ.
ჩემთვის მიუღებელია, ყველაფერს გავაკეთებ, რაც არ უნდა იყოს, ახლაც, მომავალშიც, რომ აშხაბადში, პუტინის წინ არ წყდებოდეს ჩვენი ქვეყნის ბედი.
4-ში რომ ჩავედით უკვე იმ ღობესთან, ის ღობე იყო გადანგრეული, ამას ალბათ ცალკე გამოვიკვლევთ ჩვენ რა მოხდა, როგორ მოხდა, ეს წესიერი, კარგი ადამიანები გავიცანი აქ, არცერთ მათგანს ჩვენ არ ვიცნობთ, აქ გავიცანი, ერთი მტკიცებულება მაინც, რომ ამ ადამიანებთან რამე კავშირი იყო, არ არსებობს. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად ტყუილად დაჭერილები.
ეს ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ დავრჩენილიყავი , ესეც წარმოუდგენელი იყო სუფთა ადამიანურად. ამიტომ, ახლა ეს ყველაფერი არის პროპაგანდა, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ კარგად დადგმული სპექტაკლი. ქვეყანა არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ქვეყანა მიჰყავთ პირდაპირ რუსეთისკენ... ამიტომ გვჭირდება ახლა ერთიანობა, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყანაში, რომ ქვეყანა მშვიდობიანად, არა ძალადობრივად, მაგრამ გააზრებული ნაბიჯებით დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იმიტომ, რომ მე 4 შვილის მამა ვარ და არ მინდა, რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ რუსეთში, თავიანთი შვილები ხომ კარგად დაყავთ ევროპაში, ამერიკაში, საუკეთესო სასწავლებლებში. მათი შვილებისთვის უნდა იყოს ევროპა და ჩვენი შვილებისთვის უნდა იყოს რუსეთი? მათ უნდა ჰქონდეთ სახლში ოქროს ზოდები და ბავშვები კიდე ქუჩაში უნდა მათხოვრობდნენ და ფეხშიშველები იდგნენ?
მე არანაირად თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ყველა ეს ვიდეო არის... არაფერი ჩვენ დანაშაულს არ ამტკიცებს. არ შეგეშინდეთ არაფრის ხალხო, მთავარი არის ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე, ცეცხლი ოლიგარქიას და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ნადირაძის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.