პროტესტი გენერალურ პროკურატურასთან - "ვითხოვთ გენერალური პროკურორის გადადგომას"

08.01.26 16:31
პროტესტი გენერალურ პროკურატურასთან - "ვითხოვთ გენერალური პროკურორის გადადგომას"

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს. 

მოკლულის დედის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილმა გიორგი გვარაკიძის გადადგომა მოითხოვა. 

მისივე თქით, თუ 17 იანვრამდე გიორგი გვარაკიძე არ გადადგება, 15:00-ზე აქციას გამართავენ და გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს.

"ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას. თქვენ გგონიათ ეს ადამიანი ჭკუაზე მოვა? არ მოვა ჭკუაზე - ამ ადამიანის გადადგომას რომ ვითხოვთ - ჭორვილაში რომ ზის მთავარი, გენერალური პროკურორი - იმან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოვედით სუფთა ადამიანები, აპოლიტიკური. მოვედით იმიტომ, რომ დავდგეთ შვილმოკლული დედის გვერდით... ჩვენ მოქალაქეებმა, ეს კაცთმოძულე პროკურორი უნდა გადავაგდოთ, კაცთმოძულე, რომელიც შვილმოკლულ დედას მეორე უბედურებაში აგდევს - შვილმოკლულ დედას საკუთარი შვილის საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აძლევს... ხალხმა მოვითხოვეთ. ივანიშვილი, ვიცი რომ შენ ყველაზე უფრო გეშინია - მიიღეთ ზომები, თუ არა და შემდეგი აქცია, 17-ში ქალბატონი ეკა დაიწყებს შიმშილობას - 1 დღე ვიშიმშილებთ ყველა. ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ეს კაცთმოძულე პროკურორი არ მოშორდება აქედან... საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება ამ კაცთმოძულე პროკურორის გადადგომის მოთხოვნით აქცია" - აცხადებს ხატიაშვილი. 

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ის ექიმებზე ხელის დაფარებას არ აპირებს და "ყველა ექიმი დაჯდება საბრალდებო სკამზე". 

იცით ეს რა არის? - ეს არის გიგას თავის ქალის სურათები. მე არ მჯერა, ის პროკურორი ჩამოვიდეს, ვისაც სჯერა, რომ ჩემი ჯანმრთელი 28 წლის შვილის თავის ქალა ამ წითელი ნიშნებით, შუბლიდან ცხვირამდე არის გატეხილი, გახეთქილი. აი აქ იცით რა არის? - უკვე დაზიანებული თავის ქალა. მე არ ვაპირებ არცერთ ექიმზე ხელის დაფარებას, ყველა ექიმი დაჯდება საბრალდებო სკამზე. 

ბიჭებს შეტენიან გიგას მკვლელობას, აგერ თქვენ, აგერ მე," - თქვა ეკა კუპატაძემ. 

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.

[ფოტო: მარიამ ნიკურაძე]