გამართა თუ არა პრორუსმა ბიზნესმენმა შეხვედრები "ოცნებასთან"?

08.01.26 17:09
გამართა თუ არა პრორუსმა ბიზნესმენმა შეხვედრები "ოცნებასთან"?

გამართა თუ არა საპატრიარქოს გარდა შეხვედრები პრორუსმა ბიზნესმენმა და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა "ოცნების" ლიდერებთანაც? - მამუკა ფიფიას თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვები "პირველებმა" დღეს შალვა პაპუაშვილს დაუსვა. 

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე პუტინის მეხოტბე ბიზნესმენთან კომუნიკაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ არც ის იცის, რა გზავნილებით ჩამოვიდა მოსკოვიდანან  ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი.

პაპუაშვილს დღეს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა ფიფიას ინიციატივაზე „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმების მოთხოვნაზეც, რაზეც ივანიშვილის გუნდის ლიდერმა ასე უპასუხა: 

მოითხოვონ რა, ჩვენ ვის რა დავაშავეთ,  რაც უნდა ის მოითხოვონ. ჩვენთან ეს საკითხი განხილული არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, "ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკა ცნობილია ამ მხრივ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მთავარი, ლამის ერთადერთი წინაპირობასავით არის ის, რომ აღიარონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.  

  • შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვს. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს მათ ხელთ აქვთ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.

„გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმების შესაზებ ფიფიას ინიციატივაზე დრეს კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმაც - "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ამ რეალობაში, როდესაც რა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსგავს ინიციატივაზე საუბარი არ შეიძლება.

რაც შეეხება მოსკოვთან დიალოგს, ვოლსკი ამბობს, რომ ყველანაირი მოლაპარაკება და საუბარი შესაძლებელია, მაგრამ არა დღევანდელ მოცემულობაში. 

რუსეთის სამხედრო ძალები დღეს ოკუპაციას ახდენენ საქართველოს ტერიტორიის და პრაქტიკულად, კალაშნიკოვის ლულა ადევს ქვეყანას გულზე თუ საფეთქელზე , ეს არის რეალობა და ამ რეალობაში, რა გეორგიევსკის ტრაქტატზე შეიძლება იყოს საუბარი? ყველაფერი შესაძლებელია, ყველანაირი მოლაპარაკება და საუბარი შესაძლებელია, მაგრამ დღეს არ არის ამის პირობები, სამწუხაროდ და ეს მრავალმიმართულებიანი დაპირისპირება, რომელიც მსოფლიოს ახასიათებს, სამწუხაროდ არ გვაძლევს რაიმე რესურსზე, რომელიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს ისე, რომ მივაღწიოთ პოზიტიურ შედეგს, თორემ ლაპარაკი და ურთიერთობა ყველაფერზე შეიძლება. შეთანხმება საქართველოსთან მიმართებაში გარკვეულ ფორმატში უნდა მოხდეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაც უნდა მონაწილეობდეს, ვინაიდან  რეალური გავლენა, რეალური მართვის ბერკეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ გააჩნიათ, მაგრამ ეს ტერიტორიები მათ ჩააბარა პრაქტიკულად სააკაშვილის ხელისუფლებამ", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ვისი ორგანიზებით შედგა პრორუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა? - ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა ფიფია საპატრიარქოში გამართული შეხვდრის დეტალებზე "პირველებთან" ვრცლად აღარ საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში  მისივე გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად წერს, რომ საპატრიარქოში შეხვდრის დროს "დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და გამოწვევებზე ისაუბრა". 

აღნიშნული საკითხის ირგვლივ დიალოგს საპატრიარქოში უარყოფენ, თუმცა ის, რომ მამუკა ფიფია ნამდვილად ესტუმრა ოჯახთან ერთად პატრიარქს, ამას "პირველებთან" ადასტურებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.  ვისი ორგანიზებით შედგა შეხვედრა, ამაზე ზვიადაძე არაფერს ამბობს.