ვისზე არ გავრცელდება საყოველთაო ჯანდაცვა

08.01.26 17:16
ვისზე არ გავრცელდება საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის ვალდებული ხდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულიდან იმ პირების რეგისტრაცია შეაჩეროს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად იმყოფებიან 6 თვით ან მეტი ვადით.

ამასთან, მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ანუ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.

დადგენილების მიხედვით, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.

ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.