ამზადებს თუ არა "ოცნება" ნიადაგს ევროსაბჭოს დასატოვებლად?
ვენეციის კომისიის გასაკრიტიკებლად სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ახალი არგუმენტი გამოიყენა. პაპუაშვილმა აშშ-ის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის დატოვების შესახებ სათავისოდ წარმოაჩინა და მედიასთან განაცხადა, რომ კომისიის პოზიციას ახლა უკვე ამერიკაც არ იზიარებს.
მისი თქმით, თუ ვენეციის კომისია ამერიკისთვის უსარგებლოა, ის საქართველოსთვისაც არაფრისმომცემია. ამ კონტექსტში პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის საექსპერტო ჯგუფს „არაფრისმომცემი კომისია“ უწოდა.
ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო. საქართველოსთვის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისთვის, კომისიის დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა მათი გათვალისწინება ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვან სტანდარტად ითვლება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო "ქართული ოცნება" არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. კომისიის ექსპერტებმა პარტიას არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის გაუქმება ან გადახედვა მოსთხოვეს, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებამ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
"პირველებმა" პაპუაშვილს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ვენეციის კომისიის დისკრედიტაცია ევროსაბჭოდან შესაძლო გასვლას, თუმცა ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული. მათი შეფასებით, ევროსაბჭო ამ ეტაპზე ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც საქართველო სრულფასოვან წევრობას ინარჩუნებს, თუმცა ივანიშვილის პარტია ამ გაერთიანებიდან ძირითადად კრიტიკულ გზავნილებს იღებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ორგანიზაციის დატოვების საკითხიც დააყენოს, რაც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.